
ფილმი „Michael“ მილიარდ დოლარიან ნიშნულს უახლოვდება
ფილმი „Michael“, რომელიც მაიკლ ჯექსონის ცხოვრებას ეძღვნება, მილიარდ დოლარიან მსოფლიო შემოსავალს სულ უფრო უახლოვდება. გასული კვირის მონაცემებით, მისი ჯამური სალარო შემოსავალი $978,625,426-ს შეადგენს.
ბოლო კვირის განმავლობაში ფილმს მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ $1.1 მილიონზე მეტი დაემატა, რაც მიუთითებს, რომ კინოგაქირავების ბოლო ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, „Michael“ უკვე 2026 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია და მსოფლიო კინოს ისტორიაში სალარო შემოსავლების მიხედვით 63-ე ადგილს იკავებს, რაც ბიოგრაფიული ფილმისთვის გამორჩეული შედეგია.
ფილმის საერთო შემოსავლიდან $371.3 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზეა მიღებული, ხოლო $607.3 მილიონი საერთაშორისო კინოგაქირავებიდან. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებს ფილმის მთლიანი შემოსავლის 62.1% უკავიათ.
აშშ-ში „Michael“-მა $371,347,426 გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით „ქრისტეს ვნებანს“ (The Passion of the Christ) გადაასწრო, რომლის შემოსავალიც $370,782,930-ია.
საერთაშორისო ბაზრებზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სადაც ფილმმა $71.2 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ევროპაში ყველაზე დიდი ბაზარი საფრანგეთია – $56.6 მილიონით, შემდეგ მოდიან გერმანია ($36.6 მილიონი), იტალია ($29.7 მილიონი), ესპანეთი ($27.9 მილიონი) და დიდი ბრიტანეთი. ასევე კარგი შედეგები დაფიქსირდა ნიდერლანდებში ($15.3 მილიონ დოლარზე მეტი), შვეიცარიაში, დანიასა და საუდის არაბეთში.
ლათინურ ამერიკაში ლიდერობს ბრაზილია $33.9 მილიონით, ხოლო მექსიკის შემოსავალი $32 მილიონს უახლოვდება. კოლუმბიამ უკვე $15 მილიონს გადააჭარბა, ხოლო არგენტინა, ჩილე და პერუ სტაბილურ შედეგებს აჩვენებენ.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განსაკუთრებული წარმატება იაპონიაში დაფიქსირდა. ივნისში პრემიერის შემდეგ ფილმმა იქ უკვე $24.4 მილიონი გამოიმუშავა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უცხოურ პრემიერად იქცა. ავსტრალიაში შემოსავალმა $32.6 მილიონს გადააჭარბა, სამხრეთ კორეაში – $11.8 მილიონს, ჩინეთში – $10.4 მილიონს, ხოლო ახალ ზელანდიაში – $4.2 მილიონს.
2026 წლის მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება:
• The Super Mario Galaxy Movie – $1.009 მილიარდი • Michael – $978.6 მილიონი • Toy Story 5 – $764.3 მილიონი • Project Hail Mary – $683.6 მილიონი • The Devil Wears Prada 2 – $678.4 მილიონი
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ყოველკვირეული შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა, „Michael“ რეკორდების მოხსნას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ მან „Bohemian Rhapsody“ გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმი გახდა. მოგვიანებით კი „Oppenheimer“-საც გადაასწრო და მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმის სტატუსი მოიპოვა.
ახლა მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა „Michael“ $1 მილიარდიანი ნიშნულის გადალახვას. ამ მიზნამდე ფილმს დაახლოებით $21.4 მილიონი აკლია. მიუხედავად იმისა, რომ კინოგაქირავების ტემპი ბუნებრივად შენელდა, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს. IMAX-მა დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის კინოთეატრებში დამატებითი ჩვენებები დანიშნა, რაც ფილმს პრემიუმ ეკრანებზე ყოფნის პერიოდს გაუხანგრძლივებს.
BM.GE
წყარო: bm.ge