
"ფრიდა" - თბილისში ახალი, ინოვაციური სივრცე შენდება | პროექტის დეტალები
საბურთალოზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს კომპანია "კორტები" ინოვაციურ, პროექტს ავითარებს, რომელიც ბაზარს მუშაობას, დასვენებასა და გართობას ერთ სივრცეში სთავაზობს.
ასეთი სივრცე, სადაც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა როლი, სურვილი და მისწრაფება ერთიანდება პირველია საქართველოში.
კომპანიაში ამბობენ, რომ "ფრიდა" თავისი შინაარსითა და არქიტექტურით, რომლის ცენტრალურ ადგილს კინეტიკური მოძრავი ფასადი იკავებს, ახალ მიზიდულობის სივრცეს შექმნის. კინეტიკური ფასადი მსოფლიოში სულ რამდენიმე, ჩვენს რეგიონში კი ერთადერთია.
"ფრიდა" – "ადგილი, სადაც მისწრაფებები ერთიანდება" - შვიდსართულიანი ინოვაციური კომპლექსი იქნება, რომელიც საოფისე, რეკრეაციულ, გასტრონომიულ და სპორტულ ზონებს გააერთიანებს და ოფისში სამუშაოდ მოსული ადამიანის ყოველდღიურობას საინტერესოს, პროფესიონალს კი უფრო პროდუქტიულსა და მოტივირებულს გახდის.
ოფისში პროექტის კონცეფციაზე "ბიზნესის კვირეულთან" გენერალურმა მენეჯერმა, ქეთი ბოკუჩავამ ისაუბრა.
"ფრიდა არის თავისუფლების, მუდმივი მოძრაობის და სიცოცხლის ადგილი. უფრო დეტალურად თუ ავხსნათ, ეს არის თანამედროვე მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას ჰპასუხობს, ისევე როგორც ყველაზე მთავარ კითხვას - როგორი მინდა იყოს ჩემი ყოველდღიურობა. ყველამ ვიცით, დრო როგორი ჩქარია, შრომაში რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის და არაფრისთვის არ გვყოფნის. ეს არის ადგილი, სადაც შევძლებთ, აქტიურად ვიმუშაოთ, დავისვენოთ, ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე, გავიიოლოთ "ნეთვორქინგი", ასევე შევხვდეთ მეგობრებს, დავაგემოვნოთ გემრიელი ყავა, მივირთვათ სხვადასხვა კერძი და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხი გაცილებით ავიმაღლოთ ამ აჩქარებულ დროში", - ამბობს ქეთი ბოკუჩავა.
შვიდსართულიანი კომპლექსის არქიტექტურაზე გიორგი ხმალაძე მუშაობს. პროექტის მიხედვით, -1 სართულზე სპორტული დარბაზი განთავსდება, პირველ სართულზე - ექსკლუზიური კაფეები და რესტორნები, ჩოგბურთისა და პადელის ღია და დახურული კორტები, მეორე სართულზე კი დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი საოფისე სივრცე. ზედა სართულებზე 50-მეტრიანი აუზი, სპა, ღია ტერასა, ინდივიდუალური ოფისი და რუფტოპ-სივრცეა გათვალისწინებული.
მენეჯერის თქმით, შენობა ისეა დაგეგმილი, რომ სივრცეში მაქსიმალური ბუნებრივი განათება იყოს: "ჩვენი გათვლაა, რომ ჩვენს სტუმრებს მზე ამოსვლიდან ჩასვლამდე ექნებათ".
ქეთი ბოკუჩავას თქმით, "ფრიდა" არის ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, ვისთვისაც ყოველდღიური გამოცდილების ხარისხი პრიორიტეტია.
"ეს არის იმ ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებისთვისაც ერთფეროვანი, მდორე და არასაინტერესო ცხოვრება უკვე წარსულს ჩაბარდა და ეძებს ადგილს, სადაც ცხოვრება გაცილებით უფრო აქტიურია, სადაც ბიზნესი და ცხოვრება ერთმანეთთან ძალიან კარგად მოდის თანხვედრაში. საქმიან სივრცეებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, თუმცა გვინდოდა, განსხვავებული კონცეფცია გვქონდა, მეტად გვეფიქრა იმ პროფესიონალზე, რომელიც ჩვენთან მოხვდებოდა და იმუშავებდა, რათა ის ყოფილიყო მეტად მოტივირებული, მისი ყოველდღიური შთაბეჭდილებები, გამოცდილებები ყოფილიყო უფრო დახუნძლული, უფრო საინტერესო.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის იდეა. ეს კონცეფცია როცა იქმნებოდა, ფიქრი დაიწყო ერთ ჩვეულებრივ პროფესიონალ ადამიანზე. რა შეიძლება გაკეთებულიყო ისეთი, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო თვითკმარი, ყოფილიყო მუდმივად მოტივირებული, კარგი პროფესიონალი და ასევე ცხოვრებით ბედნიერი. აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი. მსგავსი ობიექტი არ არსებობს - ამბობს "ფრიდას" გენერალური მენეჯერი.
კომპლექსი ორი უბნის - ვაკისა და საბურთალოს - გამყოფ ღერძზე მდებარეობს. ბოკუჩავა ამბობს, რომ ლოკაცია სტრატეგიულად შეირჩა: ობიექტი ოთხივე მხრიდან ადვილად მისადგომია. დამატებით ტრაფიკს კი ახლომდებარე ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაც შეუწყობს ხელს.
"ზუსტად ჩვენს წინ ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საიდანაც უზარმაზარ ურბანულ ნაკადს ველოდებით. დღეში დაახლოებით 3-დან 5 ათასამდე ადამიანს ვუმასპინძლებთ, რისთვისაც აბსოლუტურად მზად ვართ", - აცხადებს ქეთი ბოკუჩავა BMGTV-სთან ინტერვიუში.
კომპანია "კორტები" არის გუნდი, რომლის დამფუძნებლის გამოცდილებას უკავშირდება არაერთი ინოვაციური, ტურისტული და დეველოპერული პროექტი, მათ შორის Air Balloon Tbilisi, დეველოპერული პროექტი "ისტორია", სასტუმროები "ქარვასლა", "ფოკლი", "სტროფი", "სანდალი" და სხვა მოქმედი ბიზნესები.
BM.GE
წყარო: bm.ge