
გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა დისტრიბუტორებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა - ლაშა რიჟამაძე
სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმები პირდაპირ აისახება სურსათის ფასზე - ამის შესახებ BMG-სთან „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე საუბრობს.
მისი თქმით, თბილისში გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. რეგულაციებთან მორგების მიზნით, ბიზნესს დამატებითი ავტომობილების შესაძენად და კადრების დასაქმებისთვის 1.5-დან 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიები კვლავ მასობრივად ჯარიმდებიან.
„მიუხედავად გაწეული ინვესტირებისა და დამატებული სატრანსპორტო საშუალებებისა თუ კადრებისა, პროდუქციის მიწოდება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. სადისტრიბუციო მანქანა საცობების გამო რჩება ზონაში, ვერ ასწრებს გამოსვლას, რამდენიმე წუთით დაგვიანებაც იწვევს 3000 ლარიან ჯარიმას. პირველი ჯარიმის შემდგომ, ყველა ჯარიმა 3000 ლარია და როდესაც კომპანიას ათეულობით სატრანსპორტო საშუალება ჰყავს, თვეში, შეიძლება, პირობითად, 10 მანქანა დაუჯარიმდეს, ეს კი, 30 000 ლარია ერთ კომპანიის ჭრილში“ - განმარტავს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.
ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს მერიის მხრიდან დაპირებულ საპარკინგე ადგილებზეც. მისი თქმით, 550 კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილიდან, რომელიც სადისტრიბუციო მანქანებისთვის უნდა გამოყოფილიყო, ამ დროისთვის ნახევარიც კი არ არის რეალურად ხელმისაწვდომი.
„ჩვენ არ ვითხოვთ კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვას, მაგრამ იქ, სადაც ფიზიკურად არ არსებობს პარკინგი და მისაწოდებელია სურსათი, უნდა დაინერგოს საერთაშორისო პრაქტიკა. ევროპის ქვეყნებში სპეციალურად აღრიცხული სადისტრიბუციო ტრანსპორტი სპეციალური ნიშნით ჩერდება და მათზე ჯარიმები არ იწერება,“ - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, დისტრიბუტორთა ასოციაცია, ჯამში, რამდენიმე მიმართულებით, ითხოვს მერიის ჩართულობას. მათ შორისაა, პროდუქციის მიწოდების მიზნით, სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფა; სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის დღის საათებში გადაადგილების უფლება, ისევე, როგორც ეს დაშვებულია ბეტონმზიდებისა და საწვავის ტრანსპორტისთვის; ასევე, ევროპული მოდელის იმპლემენტაცია - სპეციალურად აღრიცხული სადისტრიბუციო მანქანებისთვის დროებითი გაჩერების უფლება პროდუქციის ჩამოსაცლელად.
„სასურსათო პროდუქცია, მომხმარებლისთვის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. თუკი, ჩვენ რაიმე ფორმით წნეხს შევუმცირებთ კომპანიებს, რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ თავის დადებით გავლენას მოახდენს პროდუქციის ფასზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ამის გამო გაიაფდეს, უბრალოდ მსგავსი გადაწყვეტილებით, მის ფასის სტაბილურობა და სხვა ხარჯის კომპენსირება მოხდება“ - განმარტავს ლაშა რიჟამაძე.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ახალი კანონმდებლობით სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში ავტობუსის ზოლებით სარგებლობის უფლება ეძლევათ. ცვლილებებით, ღამის საათებში იცვლება ავტობუსის ზოლებით სარგებლობის წესი: კერძოდ, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე სადისტრიბუციო ავტომანქანებს ბასლაინში დგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნებათ. თუმცა, ამ საკანონმდებლო ცვლილებას ბიზნესი სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ის ვერ პასუხობს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში (08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე) გადაადგილება შეეზღუდათ.
BM.GE
წყარო: bm.ge