
წლიურად სერვისებზე მოთხოვნა საშუალოდ 30%-ით იზრდება - დასუფთავების კომპანია „ვარდო“
დასუფთავების კომპანიის „ვარდო“ დამფუძნებლის, ანი ახვლედიანის განცხადებით, კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და საშუალოდ 30%-იან მატებას აღწევს.
როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც, რის შედეგადაც კომპანია მოთხოვნის პარალელურად ვითარდება.
ანი ახვლედიანის თქმით, დასუფთავების სფეროში სეზონურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით დეკემბერი, ზაფხულის თვეები და სექტემბერი გამოირჩევა, თუმცა საერთო ჯამში კომპანია ყოველწლიურად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
"ყოველწლიურად, როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ მოთხოვნა წინა წელთან შედარებით იზრდება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი გუნდიც და თანამშრომლების რაოდენობაც. პრაქტიკულად, ამ პროცესს პროპორციულად მივყვებით და მუდმივად ვვითარდებით. ზუსტი მაჩვენებლის დასახელება გამიჭირდება, თუმცა ჩემი შეფასებით, წლიური ზრდა საშუალოდ 30%-ს მაინც აღწევს", - განაცხადა ანი ახვლედიანმა.
მისი თქმით, მოთხოვნის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც კომპანიის აპლიკაციამ, ისე რეკომენდაციებით მიღებულმა მომხმარებლებმა.
"აპლიკაციის დამატების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ისეთი სფეროა, სადაც რეკომენდაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სწორედ რეკომენდაციების ხარჯზე თავიდანვე აქტიურად ვიზრდებოდით. დღესაც მოთხოვნის ზრდას ვხედავთ და განვითარების ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს - გვინდა, რომ „ვარდო“ კიდევ უფრო მასშტაბურ კომპანიად ჩამოყალიბდეს", - აღნიშნა მან.
კომპანია მომსახურებას როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სთავაზობს. დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთების უმეტესობა კვლავ კერძო პირებისგან მოდის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესსეგმენტის მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"ყველა ტიპის ობიექტს ვასუფთავებთ. ვმუშაობთ როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კომერციულ ობიექტებთან. ძირითადად უფრო მეტი შეკვეთა კერძო პირებისგან მოდის, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მოიმატა იურიდიული პირების მხრიდან მოთხოვნამაც", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე ფასებს არ ზრდის, თუმცა გაზრდილი ხარჯების ფონზე ტარიფების კორექტირება, სავარაუდოდ, გარდაუვალი გახდება.
"ამ ეტაპზე, ფასების ზრდა არ დაგვიწყია, თუმცა გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ტარიფების კორექტირება მოგვიწევს. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მარტივი არ არის და ვეცდებით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ერთგული მომხმარებლებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ამასთან, აპლიკაციის მომხმარებლებს აქტიურად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს, რაც ფასების შესაძლო ცვლილების გავლენის დაბალანსებაში დაგვეხმარება", - განაცხადა „ვარდოს“ დამფუძნებელმა.
ინფორმაციისთვის, „ვარდო“ არის ქართული დასუფთავების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების პროფესიონალურ დასუფთავების სერვისებს. კომპანიის მიმართულებაში შედის ბინებისა და სახლების გენერალური და რეგულარული დალაგება, სარემონტო სამუშაოების შემდეგ დასუფთავება, ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა, ასევე ოფისებისა და სხვა კომერციული ობიექტების პერიოდული ან ყოველდღიური მომსახურება. გარდა ამისა, „ვარდო“ ახორციელებს რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას, მათ შორის დივნების, მატრასებისა და ტექსტილის ღრმა წმენდას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს სპეციალურ, ინდივიდუალურად მორგებულ დასუფთავების სერვისებსაც, მაგალითად ღონისძიებებამდე ან მათ შემდეგ. კომპანია ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანია დასუფთავების პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისთვის კომფორტული, მოქნილი მომსახურების შეთავაზება.
BM.GE
წყარო: bm.ge