
გაფართოვდა იმ უცხოელთა წრე, რომლებიც დასაქმების რეგულაციისგან თავისუფლდებიან|ახალი გამონაკლისები
გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებზეც უცხოელთა დასაქმების ახალი წესი აღარ გავრცელდება. გამონაკლისებით ისარგებლებენ მთავრობის წევრის ინიციატივით სპეციალური ბინადრობის უფლების მქონე პირები; მოკლე ვადით მოწვეული უცხოელი სპეციალისტები; სრულად დისტანციურად მომუშავე უცხოელები, რომელთაც საქართველოში ფიზიკურად ყოფნა არ უწევთ და ა.შ.
შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შევიდა და მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის #321 დადგენილებით განისაზღვრა.
1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება გამკაცრდა | რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?
ამ თემაზე ექსპერტმა შრომის მიგრაციის საკითხებში, იურისტმა სოფიო დუღაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ვრცლად ისაუბრა.
კერძოდ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონიდან ახალი გამონაკლისებით ისარგებლებენ:
• სპეციალური ბინადრობის ნებართვის მფლობელები, რომლებიც ასეთ ნებართვას საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე იღებენ;
• პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით (მაგალითად, კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოწვეული უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები, ინჟინრები და სხვა პროფესიონალები), თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
• პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო დაწესებულების ან სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ინტერესებისთვის;
• უცხოელები, რომლებიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად მუშაობენ ისე, რომ საქართველოში მათი ფიზიკური ყოფნა საჭირო არ არის;
• პირები, რომლებიც მომსახურებას უწევენ არარეზიდენტ კომპანიას და მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებთან.
"პრაქტიკული მაგალითია საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომელიც მომსახურებას უწევს უცხოურ კომპანიას, ხოლო მისი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებთან. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სამართლებრივი რეგულირებისგან. პირიქით, მათი სამართლებრივი სტატუსი რეგულირდება სხვა სპეციალური სამართლებრივი ნორმებით და აღარ საჭიროებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პროცედურების გავლას.
აღნიშნული ცვლილების მიზანია, სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმს შორის დუბლირების თავიდან აცილება, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება და კანონმდებლობის სისტემატიზაცია", - განმარტავს სოფიო დუღაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge