
"გაიარე მეტი უსაფრთხოდ" - "თეგეტა მოტორსის" საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
„თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ წამოიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეა ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ტრენინგებში სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 ბავშვი ჩაერთო.
კამპანია აპრილში დაიწყო, სასკოლო აქტივობები კი მაისისა და ივნისის განმავლობაში გადანაწილდა. პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხო გადაადგილების პრინციპებს მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან ადაპტირდა.
ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანიის ფარგლებში, სკოლებში უსაფრთხოების ტრენინგები გავმართეთ, რომლებსაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე სპიკერი, რომლებმაც ბავშვებთან უსაფრთხოებაზე, საგზაო ნიშნებსა და გზის გადაკვეთის წესებზე ისაუბრეს. ვაჩვენეთ თემატური ვიდეო, რასაც სპიკერების ახსნა-განმარტება მოჰყვებოდა, შემდეგ კი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
გვინდა, ბავშვებამდე მივიტანოთ მესიჯი, რომ ზებრა და შუქნიშანი არ ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში გზის გადაკვეთამდე და დავიცვათ საგზაო წესები. ახლანდელი თაობა სულ უფრო დამოუკიდებლად გადაადგილდება ქუჩებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უკვე 30 წელია, „თეგეტა“ საუბრობს და ზრუნავს უსაფრთხოებაზე. წელს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზიარება ყველას მხრიდან - როგორც მძღოლის, ისე ქვეითის“.