
გაიზრდება თუ არა სადაზღვევო პოლისების ფასი? - დავით ონოფრიშვილის შეფასება
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სამედიცინო პროდუქტების ფასების ზრდის შემთხვევაში, დაზღვევის გაძვირებას ელიან. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილი BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო, გაზრდილ ფასებსა და ამის სადაზღვევო პოლისებზე გავლენას ეხებოდა.
"საქართველო არ არის იზოლირებული ქვეყანა, ცხადია ინტეგრირებულია მსოფლიოში, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან. ინფლაციური მომენტები ჩვენი შინაგანი ეკონომიკიდან არ არის, ასე ვთქვათ, იმპორტირებულია ეს ინფლაცია ბევრ შემთხვევაში. მაგრამ შარშანდელი წელი არ იყო განსაკუთრებული ინფლაციით გამორჩეული, თუმცა რიგი მიმართულებებით, მაგალითად ჯანმრთელობის პოლისებზე ფასები გაიზარდა.
უნდა ვიცოდეთ, რომ სადაზღვევო სფერო მხოლოდ რეაგირებს, რადგან ის, გარკვეულწილად, შუამავალია: აორგანიზებს ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და კლინიკებს, კრავს მათ ერთ პაკეტში და შემდგომ მომხმარებელს სთავაზობს. ახლა, თუ ფასები გაიზარდა ვთქვათ, წამლებზე ან სხვადასხვა სამედიცინო პროდუქტზე სექტორი იძულებულია, შესაბამისად იმოქმედოს. სადაზღვევო კომპანიები კერძო სტრუქტურებია და ცხადია, წაგებაზე ვერ იმუშავებენ, ისინი ამ ცვლილებებს ადეკვატურად ასახავენ პოლისის ღირებულებაში.
უნდა ითქვას, რომ მარჟა მაღალი არ არის. ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, რათა ვინმემ არ თქვას, თითქოს სადაზღვევო კომპანიები ფასს ხელოვნურად უმატებენ და მეტ მოგებას იღებენ. ეს ასე არ არის მოგება ხშირად 10%-ზე ნაკლებია, ზოგჯერ 5%-იც კი, ზოგჯერ კი კომპანიები "ზღვარზეც" მუშაობენ.
მინდა გითხრათ, რომ დაზღვევის სფერო, როგორც ფინანსური სექტორის ნაწილი, ადეკვატურად რეაგირებს ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე. თუ ქვეყანაზე გარე ფაქტორები მოქმედებს, რაც ზოგ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება ინფლაციურ პროცესებზე, ეს სფეროზეც ახდენს გავლენას. თუმცა, თუ ზოგადად ინფლაციაზე ვისაუბრებთ, სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა და ჩვენ ამ მხრივ ბევრად უკეთეს პოზიციაში ვართ. ცხადია, ახლო აღმოსავლეთსა თუ სამხრეთში მიმდინარე ომები ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას", - ამბობს ონოფრიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge