
"გახარია საქართველოსთვის" დამსაქმებლებისთვის საპენსიო შენატანებზე სანქციის შემსუბუქებას ითხოვს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი სოფიო ხორგუანია.
ინიციატივა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის მოქმედი სანქციების წესის შეცვლას ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ დამსაქმებელი საპენსიო შენატანს დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ან ვალდებულებას საერთოდ არ შეასრულებს, მას შეიძლება დაეკისროს როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე საურავი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთი და იმავე დარღვევისთვის ორი დამოუკიდებელი სანქციის გამოყენება პრობლემურია. ავტორების შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსხვავდება საგადასახადო კანონმდებლობისგან, სადაც დეკლარირებული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ძირითადად მხოლოდ საურავის მექანიზმი გამოიყენება.
მოქმედი წესით, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 1 000 ლარს. ინიციატორების განცხადებით, ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა ხშირ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაწესებული ჯარიმა.
კანონპროექტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, საპენსიო შენატანების განხორციელება საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ხდება. მათი შეფასებით, რადგან საპენსიო შენატანის გადახდის მექანიზმი საგადასახადო დეკლარაციასთან არის დაკავშირებული, სანქციების რეჟიმიც საგადასახადო კანონმდებლობის ანალოგიური უნდა იყოს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილებები არ შეეხება საურავის მექანიზმს. მოქმედი წესით, საპენსიო შენატანის გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში დამსაქმებელს კვლავ დაერიცხება საურავი იმ თანხაზე, რომელიც არ გადაიხადა ან ვადის დარღვევით გადაიხადა. საურავის დარიცხვა იწყება ვალდებულების წარმოშობის დღიდან და გრძელდება შესაბამისი თანხის სრულად გადახდამდე.
ცვლილებების პროექტი მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების მიმართ სანქციის სახით მხოლოდ საურავი იქნება გამოყენებული.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილების მიზანია ერთი და იმავე ვალდებულების დარღვევისთვის ორი სხვადასხვა სანქციის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა და სანქციების სისტემის საგადასახადო კანონმდებლობასთან მეტად დაახლოება.
BM.GE
წყარო: bm.ge