
წლევანდელი რთველის წესებზე კახელ მევენახეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ - „ღვინუკა“
მეღვინეობა “ღვინუკას” დამფუძნებელი აცხადებს, რომ წლევანდელ რთველთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც კახეთის რეგიონში შაქრიანობის მიხედვით ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დიფერენცირებას ითვალისწინებს, გასულ წლებთან შედარებით უფრო სწორი მიდგომაა.
თუმცა როგორც ზურა მაისაშვილი “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნავს, ჯერჯერობით მევენახეებში აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი თქმით, ამ გარემოებამ საბოლოოდ შესაძლოა ის გამოიწვიოს, რომ ფერმერებს იმაზე გაცილებით დაბალ ფასად მოუწიოთ ყურძნის ჩაბარება, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდათ.
ზურა მაისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ მიზეზიდან გამომდინარე, შესაძლოა, ღვინის ეროვნულ სააგენტოს წლევანდელ რთველთან მიმართებაში დაგეგმილი სიახლეების გადავადებაც მოუწიოს.
“შარშან იყო პირველი წელი, როდესაც სახელმწიფო კერძო კომპანიებს აღარ ურიცხავდა თანხას და კომპანიებს თვითონ უწევდათ საბაზრო ფასში შეძენა, ხოლო ჭარბი მოსავლის შეძენა სახელმწიფო კომპანიას უწევდა. ამან გამოიწვია ის, რომ შარშან ძალიან დიდი მოცულობის, პრაქტიკულად რეკორდული მოსავალი გვქონდა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. ნახევრის შესყიდვა მოუწია სახელმწიფოს და ბიუჯეტისთვის ტვირთი არ შეცვლილა, უბრალოდ თანხის დახარჯვის ფორმა შეიცვალა და ნაცვლად კომპანიებზე ჩარიცხვისა, სახელმწიფოს მოუწია მისი შეძენა.
წელს იცვლება არსებული მიდგომა და ხარისხობრივად ხდება განსაზღვრა რქაწითელის და საფერავის შემთხვევაში, კონკრეტული შაქრიანობის მაჩვენებლის მიხედვით მოხდება თანხების გაცემა. ეს გაცილებით უფრო სწორი მოდელია, ვიდრე წინა წლების მოდელები იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ახდენს მევენახეების ინფორმირებას, ჯერ კიდევ არ მგონია, რომ კახეთში საშუალო სტატისტიკურ მევენახეს გააზრებული ჰქონდეს ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და რა პირობებითაც მოხდება რთველის მიღება.
არ უნდა გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ როდესაც უკვე ქარხნის ზღურბლზე მივა კახელი გლეხი და მევენახე, რომელსაც დაკრეფილი აქვს ათობით ტონა ყურძენი, აღმოჩნდეს, რომ მისი ყურძნის ფასი არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე მას ამის მოლოდინი ჰქონდა. ინფორმაციის ნაკლებობა საკმაოდ არის იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა და რომლის მიხედვითაც იგეგმება რთველის მიღება.
თუ ვენახის ფორმირება არ მოხდა ისე, რომ ჭარბი მოსავალი არ მივიღოთ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს, დაბალშაქრიან და დაბალკონდიციურ ყურძენს, მხოლოდ ეს და ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს [რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს დიდი რაოდენობით ყურძნის ჩაბარება]. ამან მოტივაცია უნდა გაუჩინოს კახელ ფერმერს და მევენახეს, რომ ისე მოუაროს ვენახს, რითაც შეძლებს იმ კონდიციის ყურძნის მიღებას, რომელიც იქნება უმაღლესი საბაზრო სეგმენტის.
რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მასობრივად მოხდეს ისეთი ხარისხის და ხარისხობრივი მაჩვენებლის ყურძნის მიღება, როგორიც წინა წლებში გვქონდა და მოგვიწიოს ამ ცვლილებების გადავადება ან შეცვლა. ინფორმაციის ნაკლებობა საკმაოდ ბევრ შედეგს განსაზღვრავს სამომავლოდ”, - განაცხადა ზურა მაისაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო 2026 წლის რთველის დროს ყურძნის 3 განსხვავებულ ფასს დაადგენს. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებდნენ, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი მის შაქრიანობაზე იქნება დამოკიდებული.
BM.GE
წყარო: bm.ge