
გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6%-ით შემცირდა - HR.ge
2026 წლის პირველ სამ კვარტალში HR.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით შემცირდა. ამის შესახებ HR.ge-ს ბიზნეს-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი განმარტებით, კლება განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში იყო შესამჩნევი. კერძოდ, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით შემცირდა, ოქტომბერში კი კლება 5%-ს შეადგენდა.
"წინა წელთან შედარებით გვაქვს კლება. 6%-იან კლებაზეა საუბარი ჯამში. იყო კონკრეტული თვეები, როდესაც ზუსტად იგივე მაჩვენებელი გვქონდა, რაც წინა წელს, თუმცა რამდენიმე თვე იყო საკმაოდ დიდი ვარდნა. მაგალითად, სექტემბრის თვეში წინა წელს ბევრად უფრო დიდი აქტიურობა იყო, ვიდრე წელს. თვითონ სექტემბრის ის ზრდა, რაც არის ხოლმე აგვისტოსთან შედარებით, ისეთი ზრდით აღარ განხორციელებულა. წინა წელს თუ აგვისტოსთან შედარებით დაახლოებით 30%-მდე გვქონდა ვაკანსიების რაოდენობის ზრდა, წელს ეს მაქსიმუმ 20% იყო, რამაც სექტემბერი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 12%-იანი კლებით დაგვასრულებინა. ოქტომბრის თვეც, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 5%-იანი კლებით დასრულდა", - განაცხადა შახბაზიანმა.
მისი თქმით, წლის ბოლო თვეებში HR.ge კომპანიების გააქტიურებას ელოდება, განსაკუთრებით - სასტუმროებისა და კვების ობიექტების, ასევე საცალო ვაჭრობის სექტორებში. მისი განმარტებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დაწყება და საახალწლო პერიოდში გაყიდვების ზრდა კომპანიებს დამატებითი კადრების მოძიებისკენ უბიძგებს.
შახბაზიანის ინფორმაციით, გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიების წილი ბოლო პერიოდში გაიზარდა და ამჟამად 26%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ადრე დაახლოებით 22-23% იყო.
„დროებითი პოზიციების კადრების აყვანას კომპანიები ნოემბრის დასაწყისიდან იწყებენ, რადგან დეკემბერში თანამშრომელი უკვე დასაქმებული უნდა იყოს და სამსახურში გამოვიდეს. თითქმის ყველა კომპანია ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით, ამიტომ გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიების პროცენტული წილი საკმაოდ გაზრდილია“, - აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge