
„გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას მიაღწევს“ - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. კობახიძემ აღნიშნა, რომ მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“, — განაცხადა პრემიერმა.
გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მასშტაბებსა და აქამდე არსებულ მაჩვენებლებზე.
„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
„ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას — მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. მისივე თქმით, ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის როლს, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან.
„სწორედ, ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი წარმატებაც. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. გილოცავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვუსურვებ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge