
"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი
სახელმწიფო საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში მონაწილეობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდის, თუმცა მიღებული მონაცემების სისტემური ანალიზი, სასწავლო პროგრამებში ასახვა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შედგენა არ ხდება - ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა მანანა რატიანმა გადაცემა "ანალიტიკაში" PISA-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის პირველი ციკლიდან მოყოლებული, ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ანგარიშიდან ცალკეული მონაკვეთების ამოღებას და მათ პიარ-მიღწევებად წარმოჩენას ცდილობს.
"როდესაც სახელმწიფო დიდ თანხებს იხდის ამ კვლევებში, ჩნდება მოლოდინი, რომ შედეგებს რეალურ ანალიზს გაუკეთებენ და სისტემაში პრობლემების გამოსწორების გრძელვადიან გზებს დასახავენ. რეალურად კი, ყოველ ჯერზე სახელმწიფო ცდილობს ამხელა კვლევიდან ერთი პატარა მონაკვეთი ამოიღოს და ისე ისაუბროს, თითქოს სადღაც პირველ ადგილზე ვართ. სინამდვილეში, ეს არის ზრდა საკუთარ შედეგებთან, რაც COVID-ის შემდგომ მძიმე პერიოდს უკავშირდება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა იყო პანდემიის დროს: თბილისი, იმერეთი, აჭარა ოთხი წლის მანძილზე ფაქტობრივად ონლაინ სწავლებაზე იყო - შემცირებული 30-წუთიანი გაკვეთილებით, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტითა და გაცდენების უზარმაზარი რაოდენობით. სასწავლო დანაკარგები იმდენად მაღალი იყო, რომ სამინისტრო ამას სრულ იგნორირებას უკეთებდა. დაბალი მიღწევის მოსწავლეები უბრალოდ სკოლაში დაბრუნდნენ და ფორმალურ სისტემაში მოქცევამ მათი შედეგები მექანიკურად გაზარდა. სისტემურად კი არაფერი გაკეთებულა. საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საქართველო კვლავაც დაბალ ქულებს აჩვენებს როგორც ბუნებისმეტყველებაში, ისე წიგნიერებასა და მათემატიკაში", - განაცხადა რატიანმა.
მისივე შეფასებით, სისტემა სრულად უგულებელყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებსაც, რადგან მათ განვითარებისთვის შესაბამის პროგრამებსა და სწავლების ხარისხს ვერ სთავაზობს.
განათლების სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა კერძო და საჯარო სკოლებს შორის არსებულ მზარდ უთანასწორობაზე, რაც, მისი პროგნოზით, სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ვხედავთ, რომ კერძო სკოლების მაჩვენებელი საჯარო სკოლებისას საგრძნობლად აღემატება. ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება იმ რეფორმების ფონზე, რაც სამინისტროს აქვს დაანონსებული - ვგულისხმობ 11-წლიან სწავლებაზე გადასვლასა და მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმის გაჩენას. მაშინ, როდესაც კერძო სკოლებს მეტი თავისუფლება აქვთ და 12-წლიან სრულყოფილ განათლებას შესთავაზებენ მოსწავლეებს, ნაპრალი კერძო და საჯარო სკოლების ხარისხს შორის კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა ექსპერტმა.
მანანა რატიანმა ხაზი გაუსვა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯვასაც. მისი თქმით, ფინანსები რეალური აკადემიური საჭიროებების ნაცვლად, ფასადურ და გაჭიანურებული პრობლემების გადაფარვაზე მიმართულ პროექტებში იხარჯება.
"განათლების რეფორმა რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს. გაჭიანურებული სასკოლო რემონტების გამო მოძრავ საკლასო ოთახებს ყიდულობენ და ამაში 22 მილიონ ლარამდე იხარჯება; სკოლის ფორმებში 45 მილიონი დაიხარჯა. ეს მილიონები რომ ფოკუსირებულად მიგვემართა იმ აკადემიურ და საბიბლიოთეკო პროგრამებზე, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარებოდა, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებდით. სამინისტრო ომახიანად ლაპარაკობს ილუზორულ მიღწევებზე და დუმს იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა", - განაცხადა მანანა რატიანმა.
საერთაშორისო კვლევის - PISA 2025-ის თანახმად, ქართველი მოსწავლეების შედეგები სამი ძირითადი მიმართულებით გაუმჯობესდა: მათემატიკაში ცოდნა საშუალოდ 416 ქულით შეფასდა (26 ქულით მეტი 2022 წელთან შედარებით), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 422 ქულით (+38 ქულა), ხოლო წაკითხულის გააზრებაში - 384 ქულით (+10 ქულა).
BM.GE
წყარო: bm.ge