
განბაჟების გაძვირების ეფექტი - ყოველი მეათე ახლად რეგისტრირებული ავტომობილი უკვე ელექტროა
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ავტომობილების რეგისტრაცია წლიურად 9.4%-ით შემცირდა, თუმცა ამავე პერიოდში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა და ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში მათი წილი 11.4%-მდე გაიზარდა. ტენდენცია ემთხვევა ავტომობილების განბაჟების აქციზის განაკვეთების ზრდას, რომლის ფონზეც ელექტრომობილები, რომლებიც აქციზით არ იბეგრებიან, რეგულაციის შემდეგ, ბაზარზე უფრო მრავლადაა წარმოდგენილი.
მაჩვენებლები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა
უფრო დეტალურად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 40,053 ერთეული ავტომობილის დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.4%-ით ნაკლებია. ამასთან, ახლად რეგისტრირებულ ავტომობილებში ელექტრომობილების რიცხვი იყო 4,556, რაც მთლიანად პერიოდის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების 11.37%-ია. შედარებისთვის, გასული წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 2,106 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, მათი წილი კი 4.76%-ს შეადგენდა. შესაბამისად, თუკი 2025 წელს ყოველი მეოცე ავტომობილი იყო ელექტრომობილი, 2026 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, უკვე ყოველი მეათე ავტომობილი არის ელექტრომობილი. თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ ელექტრომობილები განბაჟების აქციზით არ იბეგრებიან.
რაც შეეხება მწარმოებლებს, საქართველოში მესამე კვარტალში რეგისტრირებული 4,556 ელექტრომობილიდან ნახევარზე მეტი 2,593, ანუ 57% "ტესლაზე" მოდის. მეორე ადგილს 433 ელექტრომობილით ნისანი იკავებს, მესამე ადგილზე კი 190 ელექტრომობილით "შევროლეა".
# ავტომწარმოებელი რეგისტრირებული ელექტრომობილები 2026 წლის მესამე კვარტალში ზრდა/კლება წინა წელთან 1 Tesla 2,593 154% 2 Nissan 433 53% 3 Chevrolet 190 153% 4 Ford 154 267% 5 Volkswagen 145 174% 6 BYD 133 −28% 7 BMW 131 25% 8 Hyundai 105 262% 9 Toyota 91 355% 10 Kia 63 425%
რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელებს, მესამე კვარტალში სულ 11,464 ერთეული ჰიბრიდი დარეგისტრირდა, შედეგად ჰიბრიდებმა მთლიანი იმპორტის 28.62%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2025 წლის მესამე კვარტალში ჰიბრიდების წილი ახლად რეგისტრირებულ ავტომობილებში 24.5% იყო. დაბეგვრის ახალი მოდელით, რაც 2026 წლის აპრილიდან მოქმედებს, ჰიბრიდებისთვის განბაჟების აქციზის 60%-ით შემცირებული განაკვეთი შენარჩუნდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული ავტომობილი 6 წლამდეა.
შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილების რაოდენობა (არა ჰიბრიდები, მხოლოდ ბენზინი+დიზელი) წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუკი 2025 წლის მესამე კვარტალში ამ ავტომობილების რეგისტრაციების რაოდენობა შეადგენდა 31,088-ს, 2026 წლის მესამე კვარტალში ეს რიცხვი 23,925-მდე შემცირდა, რაც 23%-იან კლებას წარმოადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge