
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ | ეკონომიკის სამინისტრო
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ - ამაზე მხარეები ჩინეთში ეკონომიკის მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტისას შეთანხმდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დღეს, ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge