მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან
განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 20:24|bm.ge

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი (MAERSK ჯგუფი) ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. კომპანიის პრიორიტეტი საკუთარი ინფრასტრუქტურის გაფართოებაა, რადგან ფოთში 100 ჰექტარ ტერიტორიას და 15 ნავმისადგომს ფლობს (რომელთა ნაწილი იჯარით აქვს გაცემული), თუმცა უკვე წლებია, საკითხი ღია.

“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას ანაკლიის სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებასთან დაკავშირებით დეტალური შემოთავაზება ან განხილვა არ ყოფილა. „როდესაც ისეთ დიდ კომპანიასთან გვაქვს საქმე, როგორიც MAERSK-ია და ის უკვე არსებული ინვესტორია, ჩვენ უნდა მოვისმინოთ, თუ რამე შემოთავაზება აქვს სახელმწიფოს“, - აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მთავრობამ განაცხადა, რომ ე.წ. ლენდლორდის მოდელით ანაკლიის პორტს თავად სახელმწიფო ააშენებს, მართავს და სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მსურველებს შეეძლებათ, სახელმწიფოს ქვემოიჯარეები გახდნენ. რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის ექსმინისტრმა გიორგი ქობულიამ "წერტილთან" ინტერვიუში დაასახელა ორი კომპანია, რომელიც მისი აზრით, პირველ რიგში, იქნება დაინტერესებული და ერთ-ერთი ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ის მფლობელი MAERSK ჯგუფია.

ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

- განიხილავს თუ არა MAERSK-ი ანაკლიაში ინვესტირებას, კერძოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში?

- ჩვენ ფოთის პორტი რამდენიმეწლიანი კონცესიით კი არ გვაქვს აღებული, არამედ ვართ ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანია. გაგვაჩნია 15 ნავმისადგომი (რომელთაგან რამდენიმე ქვეიჯარით გვაქვს გაცემული) და 100 ჰექტარი ტერიტორია. ფოთის პორტი განვითარებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაა; როდესაც საკუთარი პორტი გაქვს და თან გაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გაფართოვდე, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია საკუთარ ტერიტორიაზე გაფართოება.

- იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლიდან ღიაა ფოთის პორტის გაფართოების საკითხი და სახელმწიფო არ თუ ვერ იღებს გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ, მზარდია ტვირთები შუა დერეფანში და ფოთის პორტი გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს, რამდენად უშვებთ ალბათობას, რომ ინვესტიცია ანაკლიაშიც განახორციელოთ?

- MAERSK ჯგუფი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია საზღვაო სფეროში. APM Terminals-ი მსოფლიოში 62 ნავმისადგომსა და ტერმინალს ფლობს და მართავს; როდესაც ამხელა კომპანიასთან გვაქვს საქმე და ის უკვე არსებული ინვესტორია ქვეყანაში, ბუნებრივია, უნდა მოვისმინოთ, თუ რაიმე შემოთავაზება აქვს სახელმწიფოს, თუმცა ჩვენ ჩვენი პროექტი გვაქვს არსებულ ფოთის პორტში.

- ანუ ანაკლიაში ინვესტირებაზე ეკონომიკის სამინისტროსგან შემოთავაზება არ გქონიათ?

- [ანაკლიის პროექტის] დეტალური განხილვა არ ყოფილა. თანაც შეიცვალა მოდელი და გამოცხადდა „ლენდლორდ“ მოდელი.

- რა არის ახლა ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ შუა დერეფანმა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგოს და “შეჩვეული” ტვირთები შენარჩუნდეს საქართველოს პორტებში?

- უმთავრესი ის არის, რომ ახლა კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთობლივად უნდა იყვნენ ჩართულნი მიმდინარე გამოწვევების გადაჭრაში. აღარ არის იმის დრო, რომ ცალ-ცალკე ვახორციელებდეთ პროექტებს და ერთმანეთთან კონკურენციაში შევდიოდეთ.

- დღეს ასე ხართ კერძო სექტორი და სახელმწიფო?

- კერძო სექტორი ვერ იქნება პირდაპირ სახელმწიფოს კონკურენტი, რადგან სახელმწიფო ჩვენი მარეგულირებელიც არის, თუმცა მეორე მხრივ, ანაკლიის პროექტით უკვე აღარაა საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე კონკურენტი კომპანია შემოდის - ბაზარზე თვითონ სახელმწიფო შემოდის. ასე რომ, ყველამ უნდა მოვახდინოთ რესურსების მობილიზება და დავსახოთ შემდგომი ნაბიჯები.

- ანუ APM Terminals-ში, MAERSK ჯგუფში ანაკლიის პორტს განიხილავენ როგორც კონკურენტს და ეს კონკურენტი სახელმწიფოა?

- ჯერჯერობით, პროექტს საბოლოო სახე არ აქვს - ახალ მოდელზეა საუბარი. სახელმწიფომ უნდა გაგვაცნოს, კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით, ამ ყველაფერს პრეზენტაციის სახე აქვს.

- ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვის სპეციალური გემები უკვე მუშაობენ და სახელმწიფომ თქვა, რომ თავად ააშენებს პორტს და ეყოლება ქვემოიჯარეები ტერმინალების მფლობელების სახით, ეს ინფორმაცია არაა საკმარისი?

- როდესაც სახელმწიფო დეტალურად გაგვაცნობს, რა პროექტზეა საუბარი, მხოლოდ მაშინ გახდება ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი, რაზე ვსაუბრობთ.

- რა კითხვებზე გჭირდებათ პასუხები სახელმწიფოსგან, რათა ჩამოყალიბდეთ, ხდება თუ არა სახელმწიფო ანაკლიის პორტით თქვენი კონკურენტი?

- პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გავეცნოთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას 10-წლიან გეგმას, რაზედაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიმუშავეს. უნდა გაიმართოს დისკუსია: სად არის გათვალისწინებული ფოთის პორტი სახელმწიფოს ამ 10-წლიან გეგმაში?

- ბოლოსკენ, ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ: რა აწუხებთ ყველაზე მეტად ინვესტორებს ამ ქვეყანაში, რასაც წერტილი უნდა დაესვას?

- წერტილი უნდა დაესვას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კონკურენციას. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები და ერთმანეთს ვაძლიერებდეთ.

- და მაინც, ანაკლიას მოიაზრებთ კონკურენტად?

- ნამდვილად არ ვიცი. ვიდრე პროექტს არ ვიცნობთ, რთულია თქმა. როდესაც გავეცნობით, შემდგომ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება, არის თუ არა სახელმწიფო კონკურენტი.

- სახელმწიფოსთან კონკურენციაში შესვლა, ზოგადად, რთულია, ხომ?

- როდესაც MAERSK-ი არის შემოსული ქვეყანაში, არ მგონია, რომ სახელმწიფოსთან კონკურენციაში უნდა შევიდეთ. მსოფლიოში არსებული ჩვენი 62 პორტიდან არცერთი არ არის სახელმწიფოსთან კონკურენციაში. ჩვენ ყველგან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და მჯერა, საქართველოც არ იქნება გამონაკლისი. ასეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას ქვეყანაში მოაქვს ცოდნა და განვითარება. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საამაყო და პრესტიჟულია, რომ MAERSK-ი საქართველოში ასეთი მასშტაბური ინვესტიციით არის წარმოდგენილი - არა მხოლოდ როგორც საზღვაო ხაზი, არამედ როგორც საპორტო ოპერატორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

რუსეთი და ვიეტნამი ნავთობის სტრატეგიული რეზერვების შექმნაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და ვიეტნამი ნავთობის სტრატეგიული რეზერვების შექმნაზე შეთანხმდნენ

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

BM.GE

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

BM.GE