
მინიმალური ხელფასი მსოფლიოში: სად არის ის ყველაზე მაღალი/დაბალი?
მინიმალური ხელფასის ოდენობა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად განსხვავდება, თუმცა მხოლოდ ნომინალური მაჩვენებლების შედარებამ შესაძლოა რეალური სურათი დაფაროს - კერძოდ ის, თუ რისი ყიდვა შეუძლიათ დასაქმებულებს ამ თანხით.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურ მინიმალურ ანაზღაურებას ერთმანეთს ადარებს. მონაცემები ასახულია აშშ დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით, რაც ხელფასებს უფრო მეტად შესადარისს ხდის იმის მიხედვით, თუ რა მსყიდველობითი ძალა აქვთ მათ ადგილობრივ ბაზარზე.
*შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში საქართველო არ ფიგურირებს.
ქვეყნები ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასით
სიას სათავეში შვეიცარია თვეში 3 804 დოლარით უდგას. მას მოსდევს გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები - თითოეული დაახლოებით 2 900 დოლარით. საუკეთესო ათეულის რვა ქვეყანა ევროპაში მდებარეობს, გამონაკლისებს კი ავსტრალია და ახალი ზელანდია მიეკუთვნებიან.
ადგილი ქვეყანა ყოველთვიური მინიმალური ხელფასი (PPP, $) 1 შვეიცარია $3,804 2 გერმანია $2,928 3 გაერთიანებული სამეფო $2,902 4 ნიდერლანდები $2,876 5 ავსტრალია $2,819 6 ბელგია $2,752 7 ისლანდია $2,730 8 ახალი ზელანდია $2,673 9 საფრანგეთი $2,465 10 ირლანდია $2,433
ქვეყნები ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასით
ადგილი ქვეყანა ყოველთვიური მინიმალური ხელფასი (PPP, $) 121 ნიგერი $196 122 ბუტანი $180 123 ჰაიტი $167 124 გვინეა $153 125 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა $133 126 სიერა-ლეონე $121 127 განა $100 128 ყირგიზეთი $91 129 გვინეა-ბისაუ $83 130 გამბია $67
აზიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეას აქვს (2 362 დოლარი). შეერთებული შტატები გაცილებით დაბალ პოზიციაზეა - თვეში 1 257 დოლარით ის მხოლოდ 25-ე ადგილს იკავებს.
მინიმალური ხელფასის სისტემები ქვეყნებში იდენტური არ არის: აშშ-ის შემთხვევაში აღებულია ფედერალური მინიმუმი, ხოლო კანადის მაჩვენებელი პროვინციული განაკვეთების მედიანას ასახავს. შესაბამისად, ეს მონაცემები უნდა აღიქმებოდეს როგორც ქვეყნებს შორის სტანდარტიზებული შედარება და არა როგორც თითოეული კონკრეტული მუშაკის საბაზისო ზღვარი.
ქვეყნები, სადაც ხელფასის ქვედა ზღვარი ძირითადად კოლექტიური მოლაპარაკებებით დგინდება (მათ შორის შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, ავსტრია და იტალია), კვლევაში შესადარისი მონაცემების არარსებობის გამო არ ფიგურირებენ.
რატომ იკავებს აშშ-ის მინიმალური ხელფასი 25-ე ადგილს?
აშშ-ის ამ პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ფედერალური მინიმალური ხელფასი 17 წელია არ გაზრდილა. ის 2009 წლის ივლისის შემდეგ საათში 7.25 დოლარზე რჩება, რაც ფედერალური მინიმუმის შემოღების შემდეგ გაზრდის გარეშე არსებული ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
ინფლაციამ თანდათან შეამცირა ის, რისი ყიდვაც ამ 7.25 დოლარით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ თანხა 2009 წლის მსყიდველობით ძალას გაუთანაბრდეს, დღეს მუშაკს საათში 11.47 დოლარი უნდა ჰქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მსყიდველობითი უნარი 2009 წლის შემდეგ დაახლოებით 37%-ით შემცირდა.
ბევრი ამერიკელი ფედერალურ ზღვარზე მეტს გამოიმუშავებს: 30 შტატსა და ვაშინგტონის (კოლუმბიის) ოლქში მინიმალური ხელფასი 7.25 დოლარზე მაღალია, ზოგიერთ ქალაქში კი განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია. თუმცა ფედერალურ დონეზე ხანგრძლივი გაყინვა ხსნის იმას, თუ რატომ ჩამორჩება აშშ სხვა მაღალშემოსავლიან ეკონომიკებს.
როგორ ცვლის ცხოვრების ღირებულება ქვეყნების რეიტინგს
ადგილობრივი ფასების გათვალისწინება მოულოდნელ შედეგებს იძლევა: მაგალითად, პოლონეთი გლობალურად მე-15 ადგილზეა თვეში 2 141 დოლარით, რაც ახლოსაა ესპანეთთან (2 248 დოლარი) და უსწრებს იაპონიას (1 839 დოლარი).
ლათინურ ამერიკაში კოსტა-რიკა ლიდერობს 1 093 დოლარით, რაც მსყიდველობითი უნარის მიხედვით მხოლოდ 164 დოლარით ჩამორჩება აშშ-ის ფედერალურ მინიმუმს.
ეს მონაცემები რეალურ წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ რისი შეძენა შეუძლია მინიმალურ ხელფასს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა მასში არ შედის გადასახადები ან სოციალური ბენეფიტები. ვინაიდან კორექტირება ეროვნულ დონეზე ხდება, მან შესაძლოა ქალაქებსა და რეგიონებს შორის საცხოვრებლის ხარჯებში არსებული დიდი სხვაობა დაფაროს.
BM.GE
წყარო: bm.ge