
განვიხილავთ, რამდენად შესაძლებელია დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან ფისკალური რისკები მოდიოდეს - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ სამინისტრო განიხილავს, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფისკალურ რისკებს ქმნიდეს.
ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას ეხებოდა.
გიორგი კაკაურიძის თქმით, თუკი გამოიკვეთება, რომ აღნიშნული სისტემიდან კონკრეტული რისკები იკვეთება, ის ფისკალური რისკების დოკუმენტში აისახება.
“ჩვენ განვიხილავთ, რამდენად შესაძლებელია [დეპოზიტების] დაზღვევის სისტემიდან მოდიოდეს რისკები. ამ რისკებს შევაფასებთ და შეფასების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ შესაძლებელია აქედან მოდიოდეს რისკები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აისახება ფისკალური რისკების დოკუმენტში.
თუ შეფასებამ გამოავლინა, რომ რისკები არ მომდინარეობს სისტემიდან, შესაბამისად არაფერი არ აისახება ფისკალური რისკების დოკუმენტში”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში მოქმედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში მნიშვნელოვანი ფისკალური რისკები იჩენს თავს. შესაბამისად, უწყების რეკომენდაციაა, რომ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტს დაემატოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი ორმაგდება. კერძოდ, სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ზღვარი 100 000 ლარი იქნება, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 50 000 ლარს შეადგენს.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს დეპოზიტების ზრდის დინამიკა, საბანკო სექტორის მაღალი შემოსავლები და ფონდის სიმყარის უზრუნველყოფის სურვილი. ლევან თოდუას თქმით, მათი მიზანია ფონდში მეტი რესურსის აკუმულირება, რათა საჭიროების შემთხვევაში მან სრულად შეძლოს ვალდებულებების გასტუმრება.
BM.GE
წყარო: bm.ge