
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა ბიზნესში - 14-20 სექტემბერი
გთავაზობთ 14-20 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონიმიკასა და ბიზნესში.
თბილისის "ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია ოფიციალურად გაიმართა - პროექტის საინვესტიციო მოცულობა $2 მილიარდია
15 სექტემბერს Archi Group და Invia-მ თბილისის Trump Tower-ის პრეზენტაცია გამართეს. პროექტში ასევე ჩართული არიან თანადეველოპერის რანგში The Sapir Organization-ი და კომპანიები Block Stone Capital, Finvest და Vector Group-ი ინვესტორების სახით. მხარეებსა და The Trump Organization-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა. პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია "თიბისი ბანკიც".
62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა. Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება.
მთავრობა ENKA-სთან $400 მილიონზე დიდ კომპენსაციაზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ENKA-სთვის დაკისრებული $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის საკითხზე „პასუხისმგებლობით“ იმოქმედებს და შესაბამის ინვესტორთან მოლაპარაკებების გზით ალტერნატივების მოძიებას შეეცდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. „რაც შეეხება გადახდას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და სახელმწიფო გამონახავს გზებს, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივების მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან მოლაპარაკებების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ENKA-სთან დაკავშირებული კომპენსაციის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის აღსრულება დაუშვა. საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნეს რომ ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ.
J.P. Morgan-მა ახალი ინდექსი შექმნა, რომელშიც ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შეიყვანა
უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა J.P. Morgan-მა განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსი GBI-EM Edge შექმნა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც შედის.
J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ინდექსის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით $328 მილიარდია და ის 26 ქვეყნის, 24 ეროვნული ვალუტისა და 425 ინსტრუმენტის ობლიგაციებს მოიცავს. საქართველოს წილი ინდექსში 1.79%-ია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გლობალური ინვესტორები ამ ინდექსს შეიძენენ, J.P. Morgan-ი შესაბამისი წილით საქართველოს სახაზინო ობლიგაციებს იყიდის, რაც საქართველოს შიდა ვალზე საგარეო მოთხოვნას გაზრდის.
თბილისს 15 ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი სტუმრობდა
18 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოს, მონეტარული პოლიტიკის გამოწვევებს, ფინანსურ სტაბილურობას, საერთაშორისო რეზერვებისა და აქტივების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებას.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2026 წლის მეორე კვარტალის - (აპრილი-ივნისის) ეკონომიკური ზრდის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ-მ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.9% შეადგინა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პარამეტრით მეორე ადგილზე მყოფ სექტორს, ის არის ტრანსპორტი და დასაწყობება, სადაც ზრდა 19.8%-ს შეადგენდა, ხოლო სექტორის ზომა 1.57 მილიარდი ლარი იყო. მესამე ადგილზეა ზრდის ტემპით ხელოვნება, გართობა და დასვენება, რომელიც აზარტული თამაშების ინდუსტრიასაც მოიცავს, ამ სექტორში ზრდა 17.4% იყო, ხოლო სექტორის ზომა 1.1 მილიარდი ლარი იყო.
საქსტატის თანახმად, სამ სექტორში - მშენებლობაში; სოფლის მეურნეობასა და სხვა სახის მომსახურებაში ზრდის ნაცვლად შემცირება ფიქსირდება.
მცირე მარნების სერტიფიცირების საფასური გაუქმდა
მთავრობა, მცირე მარნებისთვის 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში. საქმე ის არის, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე "ვაზისა და ღვინის კანონში" საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის შედეგად ღვინის კომპანიებისთვის, განურჩევლად მათი ზომისა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოეთის ბაზარზე ღვინის რეალიზებისთვის სერტიფიცირების გადასახადი ამოქმედდა. ცვლილებამ მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდებოდა.
აგვისტოში ფულადი გზავნილები შემცირდა, მიზეზი Zolotaya Korona-ს ოპერირების შეჩერებაა
2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ყველაზე დიდი კლება რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. აგვისტოში რუსეთიდან მხოლოდ 5.07 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 87.74%-ით ნაკლებია. კლების მიზეზს გზავნილების მთავარი სისტემის Zolotaya Korona-ს მიერ ოპერირების შეჩერება წარმოადგენს.
აგვისტოში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.
საპენსიო შენატანების ჯარიმების ამნისტიის კანონპროექტი
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესს ცვლის და ასევე, საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამნისტია 2025 წლის 1 მაისიდან დაკისრებულ ჯარიმებზე ვრცელდება. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი ეხება 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელსა და შესაბამისად, ჯამში 42 903 000 ლარის მოცულობის ჯარიმას.
"რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა
თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი - "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა - შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია "ინდუსტრიული ქალაქმა", რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს "რადიო ქალაქს", რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "რადიო ქალაქის" დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი. უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ობიექტის ჯამური ფართობია 24,485 კვადრატული მეტრი და ის მრავალფუქნციური დანიშნულების რამდენიმე შენობა-ნაგებობას და ღია სივრცეებს აერთიანებს.
BM.GE
წყარო: bm.ge