
"გავეცნობით სემეკის დოკუმენტს" - რატომ მოითხოვა სახელმწიფო ელექტროსისტემამ კომისიის სხდომის გადადება?
სახელმწიფო ელექტროსისტემისა და "ხრამიჰესის" წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის ლევან ჭედელაძის განცხადებით, განხილული საკითხი თავისი მასშტაბითა და დოკუმენტაციის სირთულით კომპლექსურია, რის გამოც პროცესს სისტემური დამუშავება და ღრმა ანალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ ითხოვეს დამატებითი დრო.
საქმე ის არის, რომ სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამისი რეგულაციები დროულად რომ განხორციელებულიყო და ტექნიკური ავტომატიკა გამართულად ყოფილიყო და დაანონსა, რომ კომპანიები თითოეულ შემთხვევაზე 75 000 ლარით დაჯარიმდებიან.
"ძალიან მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. სემეკის სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა გადამცემი ქსელის საკითხზე და, როგორც აღინიშნა, უკვე არსებობს შესაბამისი შეფასებები. თვითონ ეს საკითხი თავისი მასშტაბითა და დოკუმენტაციის სირთულით ძალიან მნიშვნელოვანი და ფართოა. მას სჭირდება სისტემური დამუშავება და ანალიზი, რის გამოც ორივე მხარის, პროცესში მონაწილე პირებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების არგუმენტებსა თუ მოსაზრებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტებს, ვნახავთ გაკეთებულ შეფასებებსა და გამოტანილ დასკვნებს, რის შემდეგაც წარმოვადგენთ ჩვენს არგუმენტებსა და მოსაზრებებს. საბოლოოდ, სწორედ ამის საფუძველზე მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას.
მოგეხსენებათ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისია უნდა დაეყრდნოს სამუშაო ჯგუფის შეფასებებს. ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩვენც უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია. სწორედ ამიტომ დასჭირდა სისტემას დროის აღება იმისთვის, რომ საფუძვლიანად გავეცნოთ დოკუმენტაციას, გავაანალიზოთ ის და წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები", - აცხადებს ჭედელაძე და ამატებს, რომ საბოლოო დასკვნა სემეკს ელექტროსისტემისთვის ჯერ არ გაუგზავნია.
"10-დღიანი ვადა საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ საკითხზე და აქვე გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სისტემა იყოს მდგრადი და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა", - ამბობს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება ენგურჰესს, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო".
"ენგურჰესი რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება. რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი. აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან მაშინ შესაბამის დასკვნებს", - აცხადებდა ნარმანია 4 აგვისტოს.
BM.GE
წყარო: bm.ge