
გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტით კომისია უფლებას იტოვებს ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის.
კერძოდ, კანონპროექტით იცვლება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის დათვლის წესი. არსებული წესით ბუნებრივი გაზის ტარიფი ფიქსირებულია მოხმარების რაოდენობის მიუხედავად (დგინდება მხოლოდ ოპერირების არეალის მიხედვით). ცვლილების შემდეგ საბაზისო მოხმარება იქნება შედარებით იაფი და ფინანსურად ხელმისაწვდომი, ხოლო ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იმოქმედებს განსხვავებული ტარიფი, რაც მოსახლეობას ენერგორესურსებისა და წყლის დაზოგვისკენ წაახალისებს. 2038 წლის 1 იანვრამდე გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დადგინდება განსხვავებული ტარიფები.
როგორც სემეკში BMG-ის უთხრეს, ახალ საფეხურებრივ ტარიფს უკვე მარეგულირებელი კომისია დაადგენს.
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 163-ე მუხლის მიხედვით, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილია, 2027 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამავე კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს გამონაკლისს ტარიფების დადგენის ზოგადი პრინციპებიდან, რომლებიც განსაზღვრულია 146-ე მუხლით. კანონპროექტის მიზანია წყალმომარაგების სექტორში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმის მოქმედების ვადის გაგრძელება, რათა კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება, წყალმომარაგების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, "კანონპროექტით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში იცვლება ნორმა, რომელიც არეგულირებს ცალკეულ წყალმომარაგების ტარიფებსა და მათი დადგენის წესს გარდამავალ პერიოდში, კერძოდ კანონის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების შედეგად წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილი იქნება ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა 2036 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამავე კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.
ამასთან, გარდამავალ პერიოდში კომისია უფლებამოსილი იქნება: 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის განსხვავებული გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა გამოწვეულია განსხვავებული სატარიფო რეგულირების პერიოდით, კერძოდ - წყალმომარაგების შემთხვევაში სატარიფო რეგულირების პერიოდი არის 3 წელი, ხოლო ბუნებრივი გაზისათვის - 5 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძირითადი პრინციპებიდან საგამონაკლისო ნორმა წყალმომარაგების სექტორში იმოქმედებს სამი სატარიფო რეგულირების პერიოდის, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი - ორი სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში", - წერია დოკუმენტში.
პარლამენტი პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან მიმდინარე წლის ბოლოს სემეკმა გაზისა და წყლის ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს.
კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge