
სახელმწიფო საწარმოებში მოგების განაწილების პროცესი ჭიანურდება, ფისკალური რისკები კი ანგარიშგებაში სრულად არ აისახება - აუდიტი
სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებულ ანგარიშში ენგურჰესის კაშხლის უსაფრთხოებისთვის საჭირო 35 მილიონი ევროს ინვესტიციისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ლიკვიდურობის შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაცია სრულად არ ასახულა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საწარმოთა განვითარების რეფორმის 2024 და 2025 წლების 6-თვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური შესრულების ანგარიში არ მოუმზადებია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიშვილმა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის 2023-2025 წლების აუდიტის შედეგების განხილვისას განაცხადა.
აუდიტის თანახმად, ხარვეზები გამოვლინდა სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგების განაწილების პროცესშიც. ცალკეულ შემთხვევებში მოგების განაწილების შესახებ წინადადებების წარდგენა და მათი განხილვა დაგვიანებით ხორციელდებოდა, რაც ფინანსური რესურსების ინვესტირებისა და სახელმწიფოს მისაღები დივიდენდების დროულად შეფასებისა და დაგეგმვის რისკებს ქმნის.
„ფინანსთა სამინისტროს მიერ არ მომზადებულა 2024 და 2025 წლების 6-თვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური შესრულების ანგარიში, რაც ზღუდავს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მიმდინარეობის შეფასებისა და მთავრობისთვის შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად წარდგენის შესაძლებლობას.
სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებულ ანგარიშში ფინანსური ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ფისკალური რისკებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ იყო ასახული, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მთავრობის მიერ მათი დროული განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, ენგურჰესის კაშხლის უსაფრთხოებისთვის საჭირო 35 მილიონი ევროს ინვესტიციის საკითხი და მისი დაფინანსების საჭიროება აგრეგირებულ ანგარიშში არ იყო განხილული. ასევე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იდენტიფიცირებული ლიკვიდურობის შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაცია არ მოხვდა ანგარიშში“, - განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.
აუდიტმა ასევე გამოავლინა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო საწარმოს ბიზნესგეგმებსა და მმართველობით ანგარიშებში ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და საკმარისად დეტალურად არ აღწერს კომპანიების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს. ამასთან, ბიზნესგეგმები არ მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური რესურსებით განხორციელებული აქტივობებისა და თანხების მიზნობრივი გამოყენების შესახებ.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი საწარმოს ანგარიშზე ბიუჯეტიდან კონკრეტული მიზნით მიღებული 1.773 მლნ ლარი გაუხარჯავი ნაშთის სახით ირიცხება, თუმცა თანხის შემდგომი გამოყენების ოფიციალური დასაბუთება წარმოდგენილი არ არის. აუდიტის შეფასებით, ეს საბიუჯეტო სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენების რისკებს წარმოშობს.
კიდევ ერთი პრობლემა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების შვილობილი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს უკავშირდება. აუდიტის მიხედვით, სააგენტო მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობას სათანადოდ არ აკონტროლებდა. 2025 წლიდან სააგენტომ შვილობილი კომპანიების ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა დაიწყო, თუმცა აუდიტის თანახმად, შვილობილი საწარმოების უმეტესობას ბოლო პერიოდში უარყოფითი ფინანსური შედეგები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ კაპიტალში ფინანსური რესურსებისა და ქონების სახით შენატანები სისტემატურად ხორციელდება.
აუდიტის სამსახურმა ასევე მიუთითა, რომ სააგენტო დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსურ მონაცემებს ერთიანად არ აჯამებს, რის გამოც მათი შედეგების საერთო ჭრილში შეფასება და შედარებითი ანალიზი ვერ ხორციელდება.
გარდა ამისა, აუდიტის შედეგად ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების შესაფასებლად. ერთ-ერთ მიზეზად სააგენტოში პრივატიზების პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების არარსებობა დასახელდა.
რა პასუხი აქვთ სამინისტროებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობამ 16 ოქტომბერს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მისი თქმით, დოკუმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა და კორპორაციული მართვისა და ფინანსური ზედამხედველობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„გვქონდა აქტიური კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მათ შორის ტექნიკური მისიის ნაწილში, და გამოვკვეთეთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც საჭირო იყო განგვეხორციელებინა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი საწარმოებიდან ამოვიღოთ ის მიმართულებები, რომელიც მათ კორპორაციული მიზნებიდან გამომდინარე ნაკლებად გამომდინარეობს და მათ შორის შესაძლებელია კერძო სექტორში გადავიდეს ნაწილი მათგანი“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოებში კვაზიფისკალური დანახარჯების იდენტიფიცირება და ისეთი ხარჯების საწარმოებისგან გამიჯვნა იგეგმება, რომლებიც უშუალოდ მათ კომერციულ საქმიანობას არ უკავშირდება.
„ვფიქრობ, რომ ამ სამოქმედო გეგმის შესრულება სრულად უპასუხებს არა მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აქ არის, არამედ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს სახელმწიფო საწარმოების მართვას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში დაახლოებით 60 კომპანიაა, საიდანაც დაახლოებით 47 ფუნქციონირებს, დანარჩენი კი უფუნქციოა.
„უფრო გვინდა, რომ გავაკეთოთ ოპტიმიზაცია ამ საწარმოების, შევამციროთ, ის, რაც დასალიკვიდირებელია, დავალიკვიდიროთ, რაც გაკოტრებაშია გადასაყვანი, მივმართოთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ამ საწარმოებიდან თუ რომელიმეს პრივატიზების შესაძლებლობა გამოიკვეთება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ პრივატიზაცია“, - განაცხადა ენუქიძემ.
მისივე განმარტებით, საწარმოების პრივატიზების ცალკე გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სამინისტრო მზად არის, აუდიტის სამსახურთან ერთად ამ მიმართულებით იმუშაოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში სულ 12 რეკომენდაცია გაიცა. რეკომენდაციები ეხება ფინანსურ ზედამხედველობას, ბიზნესგეგმებისა და ანგარიშგების გაუმჯობესებას, შვილობილი კომპანიების მონიტორინგს, პრივატიზების კრიტერიუმების განსაზღვრასა და სახელმწიფო საწარმოების მართვის მოდელის გადახედვას.
BM.GE
წყარო: bm.ge