
GCCA-მ „საბა ინვესტისა“ და „მედეგის“ შერწყმაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თავსებადად ცნო კონცენტრაცია, რომელიც შპს „საბა ინვესტის“ მიერ შპს „მედეგის“ 100%-იანი წილის შეძენას გულისხმობს. სააგენტოს დასკვნით, აღნიშნული ტრანზაქცია კონკურენტულ გარემოზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
შეგახსენებთ, გასულ თვეს სააგენტომ კომპანიები 25 000 ლარით უწყებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელებული კონცენტრაციისთვის დააჯარიმა.გარდა ფულადი ჯარიმისა, მხარეებს დაევალათ, განხორციელებული კონცენტრაციების შესახებ შეტყობინება სააგენტოს პოსტფაქტუმ წარუდგინონ.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორივე კომპანია და მათთან დაკავშირებული პირები სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოების სექტორში საქმიანობენ.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კონცენტრაციამდე "მეედეგის" მფლობელები დურმიშხან მამესწარაშვილი და დავით ფარასტაშვილი იყვნენ. რაც შეეხება "საბა ინვესტს" მფლობელი სლავა შერაზადიშვილია.
GCCA-მ გადაწყვეტილების მიღებისას „საქსტატისგან“ გამოთხოვილი ინფორმაცია გამოიყენა. კვლევის ფარგლებში დადგინდა:
ბაზრის მოცულობა: 2024 წელს აღნიშნულ სექტორში ბაზრის საერთო ბრუნვამ 18 859 222 588 ლარი შეადგინა. მოთამაშეების რაოდენობა: ბაზარზე 6 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა. HHI ინდექსი: ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) ტრანზაქციამდე 38.42 ერთეულს შეადგენდა, ხოლო შესყიდვის შემდეგ მისი ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) მხოლოდ 2.25-ით გაიზარდა.
სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, მონაწილე მხარეების საბაზრო წილები კი მცირე, რაც კონკურენციის შეზღუდვის რისკებს გამორიცხავს.
კონკურენციის სააგენტოს წინასწარ უნდა ეცნობოს იმ კონცენტრაციების შესახებ, სადაც მონაწილე მხარეების ჯამური ერთობლივი შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამავდროულად, მინიმუმ ორი მონაწილის ინდივიდუალური შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.