
გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი
“გენერაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სიცხადე თუ არ შემოვიტანეთ, ძალიან რთული იქნება ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ სექტორში”, - ამის შესახებ Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს. მისი შეფასებით, იმისთვის, რომ ენერგეტიკის ინვესტორები კონკურენტული ფასით შევიდნენ აუქციონში, მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, მოუწევთ თუ არა ზაფხულში გენერაციის შეზღუდვა, რაც როგორც ფაქტი Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორის თქმით, საკმაოდ მძიმე გზავნილია ინვესტორებისთვის. ამის მაგალითად, ის ამბობს, რომ ავსტრიულმა საინვესტიციო ჯგუფმა, რომლებიც საქართველოს საინვესტიციოდ განიხილავენ, ეს ფაქტი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვეს.
“სამწუხაროდ, ეს [გენერაციის შეზღუდვა] ძალიან მძიმე გზავნილია ინვესტორებისთვის. ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი ჯგუფი ავსტრიელების ჩამოყვანილი, ძალიან მსხვილი ჯგუფი, მაგრამ ერთ-ერთი წინაღობა, რაც შეიძლება დადგეს — არ ვიცით ჯერ გადაწყვეტენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას — არის ის, რომ ყველაზე მტკივნეულად აღიქვეს წყლის დაღვრების ფაქტი და ის მოცულობაც.
ასეთი უბრალოდ არ გვინახავს ავსტრიაშიო. ჩვენ ივლისში 60%-მდე გენერაციის დაღვრა მოგვიწია. ამხელა ციფრი ცოტათი შემაშფოთებელი იყო მათთვის რბილად რომ ვთქვა. აქ სიცხადე თუ არ შემოვიტანეთ, ძალიან რთული იქნება ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ სექტორში.
თუ არ გვეცოდინება ამ დაღვრებზე რა მომავალი გველოდება, ჩვენ ვერ შევძლებთ განვსაზღვროთ ჩვენი ფინანსური მოდელი, რომ კონკურენტული ფასი დავდოთ აუქციონში”,-აცხადებს აბრამიშვილი.
არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ასოციაციამ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და პირველადი პასუხიც მიიღო. ამ ეტაპზე სექტორი სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნას ელოდება, რათა დეტალურად დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები და კომპანიებისთვის წინასწარ გახდეს ცნობილი, რა ფორმით მოხდება გენერაციის შეზღუდვა.
წელს ზაფხულში გენერაციის შეზღუდვით ენერგეტიკის სექტორმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო, რის გამოც პროექტების ნაწილს საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა შეექმნა. საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის შეფასებით, ზაფხულში ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვით დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ ელექტროენერგია ვერ გამომუშავდა, რამაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge