
გლობალური კრიზისი გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გლობალური კრიზისის გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ გარე შოკებისგან ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის 100%-იანი დაცვა ვერ მოხდება, თუმცა სები ამ ფაქტორებს მაქსიმალურად ანეიტრალებს.
„გახარია საქართველოსთვის“ დაპუტატმა დაჯი კოვზირიძემ მას ჰკითხა:
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფლაციის ზრდა ძირითადად, გარე ფაქტორებმა გამოიწვია, მაშინ რატომ არის საქართველო თქვენი [ქართული ოცნების] 13-წლიანი მმართველობის შემდეგ იმდენად მოწყვლადი, რომ ნებისმიერი გარე გეოპოლიტიკური კრიზისი ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს პირდაპირ ურტყამს ? ხომ არ გინდათ აღიაროთ, რომ ხელისუფლებამ თავისი მმართველობის პერიოდში ვერ შექმნა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დაიცავდა მოსახლეობას ინფლაციისგან და გარე შოკებისგან?
როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, როგორ აუხსნით ჩვენს ღარიბ მოქალაქეებს, რომ ისეთი საბაზისო საჭიროებები როგორიც არის საკვები, წამალი, კომუნალური გადასახადები მუდმივად ძვირდება? ხომ არ ნიშნავს ეს რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს სტატისტიკური ტერმინებით ფუთავს და არა რეალური პრობლემების მოგვარებით?
სების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურეში არსებული კრიზისის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური და სხვადასხვა ქვეყნის ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეცვალა და საქართველოს ამ ვითარებაში საკმაოდ „მყარი საგარეო პოზიციები აქვს“.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მაგალითად გლობალურად თუ ინფლაციის პროგნოზი, 3.8% იყო, 4.4%-მდე გაიზარდა და ვითარების განვითარების მიხედვით შეიძლება კიდევ გადაიხედოს. იგივე ეხება ევროზონას, სადაც მყისიერად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით გამოირჩევა ბელგია, ბულგარეთი... ეს გლობალური შოკია და მან ყველაზე იმოქმედა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სტაბილური ეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც განპირობებულია მაღალპროდუქტიული სექტორებით, ჩვენ საკმაოდ მყარი საგარეო პოზიცია გვაქვს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსპორტი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა, როდესაც იმპორტი შემცირებულია, ასევე იზრდება გზავნილები, მიმდინარეობს ინვესტიციები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა და მდგრად პოზიციებს ინარჩუნებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა საერთაშორისო რეზერვები, რაც ერთგვარი ბუფერია, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ საგარეო შოკებს, ასევე საბანკო სისტემაში დაგროვებულია საკმარისი კაპიტალი, რომ სხვადასხვა შოკს გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ გლობალური შოკის და კრიზისი გავლენა საქართველოზე, მიუხედავად მისი არაპროგნოზირებადობისა, იქნება ლიმიტირებული და არ იქნება მასშტაბური. ეს იმითიც დასტურდება, რომ ჩვენთან მიმართებით, მართალია ინფლაციის პროგნოზი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ გარე ფაქტორებიდან და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა. ეკონომიკური ზრდა ვვარაუდობთ, რომ კვლავაც ძლიერი იქნება, ამას ადასტურებს პირველი კვარტალი და შემდგომ ჩვენი პროგნოზი და იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვა. ექსპორტი იზრდება, რადგან მინერალური რესურსების დარგებშია ეს, რადგან ფასები მსოფლიო ბაზარზე იზრდება, რაც ამ დარგისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს და ეს ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არ შემცირებულა და გარკვეულწილად კონფლიქტთან ახლოს არსებული ქვეყნებიდან გზავნილები გაზრდილია, მაგალითად, ისრაელიდან გაიზარდა და არაბული ქვეყნებიდან გრძელდება ინვესტიციები, რადგან ის ქვეყნები ვინც ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ არიან ცდილობენ დივერსიფიცირებას მათ შორის ისეთი მშვიდობიანი და სტაბილური იურისდიქციების სასარგებლოდ, როგორიც საქართველოა. ანუ ყველაფერთან ერთად პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მაღალი რეზერვები და გონივრული მონეტარული პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვატარებთ - ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად მედეგები ვიყოთ ამ გარე შოკების მიმართ", - განაცხადა თურნავამ და დაჯი კოვზირიძეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშის გადახედვა ურჩია. "პირველი რაც საქართველოზე წერია, ის არის, რომ რომ წლების განმავლობაში ამტკიცებს თავის მდგრადობას. თუმცა მცირე და ღია ქვეყანა ვართ და 100%-იან დაცვა რეგიონული შოკებისგან შეუძლებელია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ნეიტრალიზაცია ხდება“, - განაცხადა თურნავამ.
მან დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი „საკმაოდ ზომიერი და მართვადია“.
„ბოლო პერიოდი ცოტა გვერდზე რომ გავწიოთ, რაც არაპროგნოზირებადი გარე შოკების გავლენას უკავშირდება. ჩვენ 2 წელიწადზე მეტი დაბალინფლაციური პერიოდი გვქონდა, საშუალოდ 1.8% იყო, როცა მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია, შემდეგ ინფლაცია კონცენტრირდებოდა და ახლოს იყო მიზნობრივ ინფლაციასთან, რომ არა ახლო აღმოსავლეთის შოკი ჩვენ ვვარაუდობდით და ასეც იქცეოდა მეორე კვარტალიდან 3%-ს დაუბრუნდებოდა. ეს საკმაოდ ზომიერი, მართვადი მაჩვენებელია, რომელიც ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ადეკვატური რეაგირებითაც იყო განპირობებული, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფასების საშუალოვადიანი სტაბილურობა შენარჩუნდეს. ამაზე მეტყველებს 2025 წელს და თუნდაც ახლა ის ფაქტი, რომ ისეთი მაჩვენებელი როგორიც არის საბაზო ინფლაცია, მომსახურების ინფლაცია კვლავაც ახლოა 3%-იან მაჩვენებელთან - ეს არის ის თუ როგორია განცდები და მოლოდინი ბიზნესის, მოსახლეობის ინფლაციასთან დაკავშირებით - ეს მართვადი და მეტ-ნაკლებად სტაბილური. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ადეკვატური უნდა იყოს, რომ პროცესები ადეკვატურად ვმართოთ“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
აპრილში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა - წლიური ინფლაცია 5.9%-ია
BM.GE
წყარო: bm.ge