
Google-მა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელები და ინსტრუმენტები წარადგინა
ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Google-მა ყოველწლიურ კონფერენცია Google I/O 2026-ზე ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, აგენტები და ინსტრუმენტები წარადგინა. კომპანიამ მომხმარებლებს გააცნო მისი ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ს ახალი მოდელი - Gemini 3.5 Flash-ი, რომელიც აჭარბებს Gemini-ს ამჟამინდელი Pro ვერსიის შესაძლებლობებს და გამოირჩევა მაღალი სიჩქარით. ის დეველოპერულ პლატფორმა Google Antigravity-ზე, Gemini API-სა და Android Studio-ში, ისევე, როგორც ჩვეულებრივი გამოყენებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
ახალმა მოდელმა კოდირების ისეთ რთულ ტესტებში, როგორიცაა Terminal-Bench 2.1, GDPval-AA და MCP Atlas-ი, Gemini 3.1 Pro ვერსიას აჯობა. როგორც Google-ში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი ხარისხისა და სისწრაფის ოპტიმალურ ბალანსზე მიუთითებს. ის გრძელვადიანი დავალებების შესასრულებლად, მათ შორის კოდის ბაზების მართვისა და ფინანსური დოკუმენტების მოსამზადებლად ეფექტური იქნება. ღონისძიებაზე გაირკვა ისიც, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს Gemini 3.5 Pro მოდელზე, რომელსაც Google-ი მომავალ თვეში გამოუშვებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Google-მა ვიდეოების გენერირების ახალი მოდელი, Gemini Omni-ც გამოუშვა, რომელიც ნებისმიერი ტიპის მონაცემიდან ახალი ვიდეოკონტენტის შექმნას უზრუნველყოფს. მას ფიზიკის კანონების, გრავიტაციისა და სითხის დინამიკის ზუსტი აღქმა ახასიათებს. ამ მოდელით შექმნილ ვიდეოებს ციფრული ნიშანი SynthID ედება, რომლის შემოწმებაც Gemini-ს აპლიკაციაში, Chrome-სა და საძიებო სისტემაში იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნი ფაქტია, რომ Gemini Omni-ს Flash ვერსია Google AI Plus, Pro და Ultra გამომწერებისთვის Google Flow პლატფორმასა და Gemini-ს აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია. ის 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის YouTube Shorts Remix-სა და YouTube Create აპლიკაციებშიც უფასოდ ჩაეშვა. ეს სისტემა მომხმარებლებს პერსონალური ხელოვნური ინტელექტის ავატარების შექმნისა და პერსონაჟების იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობას სთავაზობს. პარალელურად, მომხმარებლებს მარტივი მითითებებით კინემატოგრაფიული ელემენტების დამატება და ფონის შეცვლაც შეეძლებათ. სისტემა ნებისმიერ ფოტო, ტექსტურ, ვიდეო თუ აუდიო წყაროს ერთიან კონტენტად გარდაქმნის.