
გრანთ თორნთონი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია!
მიმდინარე წლის 1 მაისს, საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა მოაწერეს. გრანთ თორნთონი, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია, უკვე მეორედ წარმართავს პროექტს საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გამჭვირვალედ და სამართლიანად.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონის პროფესიონალების გუნდი აქტიურად იქნება ჩართული შემდეგი მიმართულებებით:
• შეფასების სისტემის მართვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მიუკერძოებელი შეფასების უზრუნველყოფა • შეფასების ეტაპების დაგეგმვა და იმპლემენტაცია • საკომუნიკაციო ფორმატის შემუშავება, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით • ჟიურის წევრებთან კომუნიკაცია და ექსპერტთა ეფექტური მუშაობის ორგანიზება • კრიტერიუმების განხილვა და შეფასების ქულების მინიჭება, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად
პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი: "გრანთ თორნთონი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა რეიტინგებისა და კონკურსების შემფასებელი. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონკურსის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებაში.
საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და კულტურული კუთხით. ამ პროექტში ჩვენი ჩართულობა ინდუსტრიას ეხმარება ბაზრის საუკეთესო მოთამაშეების იდენტიფიცირებაში, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს სტანდარტების ამაღლებას და სექტორის განვითარებას".
ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი: „ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ სანდო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიცაა „გრანთ თორნთონი“. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ჩართულობა პროექტის ფუნდამენტური ნაწილია. ეს არის გარანტი როგორც თითოეული მონაწილისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ შეფასება წარიმართება აბსოლუტურად ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.”