
გრანტების სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი - ნონა ქურდოვანიძე
იურისტი და საია-ს ყოფილი თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით გრანტის მართვის სააგენტოს დაფუძნება იყო მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს და ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სააგენტო მილევად რეჟიმში მუშაობს და წლის ბოლომდე დაიხურება.
"დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. შეხსენებისთვის, ეს სააგენტო რეპრესიული კანონების მიღების პარალელურად შექმნა "ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის აპრილში. მაშინ ამბობდნენ, რომ სააგენტოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ და არა უცხოური დონორებისაგან.
ამ დროისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ 2025 წლის ივლისში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 1,657,775 ლარით დააფინანსა. დაფინანსება მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომელთა ნაწილი საერთოდ ამ კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაფუძნდა და როგორც ჩანს, სპეციალურად ამ მიზნით დარეგისტრირდნენ.
ამ სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები ოდნავ მაინც შეელამაზებინათ. როგორც ჩანს, ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას", - წერს ქურდოვანიძე Facebook-ზე.
დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას კობახიძემ ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა. დებულების მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეფინანსებინა.
BM.GE
წყარო: bm.ge