
გრიგოლ ლილუაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში ქონებრივი დეკლარაცია შეავსო
გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ამჟამად რამდენიმე კორუფციულ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2025 წლის აპრილამდე იკავებდა, რა პერიოდშიც ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პირველი ოთხი თვის ანაზღაურების სახით 41,423 ლარი აიღო. ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ლილუაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ გადავიდა კონსულტანტად ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ში, სადაც 2025 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით 52,031 ლარის ანაზღაურება აიღო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილმა 2018 წელს 201 ათას დოლარად შეიძინა 315 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი და ორი ავტოსადგომი, რომლისთვისაც თანხა 2018-2024 წლებში გადაიხადა. თუმცა, აღნიშნული უძრავი ქონება უძრავი ქონების გრაფაში მითითებული არაა და მის შესახებ მხოლოდ ფინანსური გასავლების თავში არის მითითებული.
რაც შეეხება სხვა აქტივებს, ლილუაშვილი უთითებს, რომ ფლობს ნაღდ ფულს 70000 დოლარის ოდენობით, ასევე 8500 დოლარს და 5000 ლარს.
ავტომობილებიდან მითითებულია Toyota Highlander-ი, რომლის მფლობელობის თარიღიც 2025 წლის ივნისია, თუმცა მითითებულია რომ გრიგოლ ლილუაშვილი ამ ავტომობილის მფლობელი უსასყიდლოდ გახდა, რადგან მისი გასავალი 0 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, გრიგოლ ლილუაშვილმა 2025 წელს შვილების სწავლის საფასურის სახით 42 ათასი ლარი გადაიხადა.
გრიგოლ ლილუაშვილი კორუფციული ბრალდებით 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურატურა მას ოთხ სხვადასხვა საქმეზე ედავება, ესენია : 1) 2022 წელს თურქი ინვესტორისგან ქარის ელექტროსადგურის პროექტზე $1 მილიონის ქრთამი აიღო, რათა პროექტის ლობირება გაეწია, ხოლო აღნიშნულში ჩართული იყო ეკონომიკის მინისტრის იმდროინდელი მოადგილე რომეო მიქაუტაძე; 2) ასევე რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, 2022 წლის თებერვალში გაზიფიკაციის ტენდერში კონკრეტული კომპანიის გამარჯვებისთვის 1.5 მილიონი ლარის ქრთამის აღება; 3) უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობისთვის 2021-2023 წლებში 1.36 მილიონი დოლარის მიღება; 4) თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის მიერ დარღვევების მქონე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მფარველობისთვის ე.წ. ატკატების მიღება.