
GSK ამერიკულ Nuvalent-ს $10.6 მილიარდად შეისყიდის
ბრიტანული ფარმაცევტული ჯგუფი GSK ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Nuvalent-ის $10.6 მილიარდად შესყიდვაზე შეთანხმდა, რაც ფილტვის კიბოს მკურნალობის მიმართულებით პორტფელის გაძლიერებას მიზნად ისახავს.
მარეგულირებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით გათვალისწინებული გარიგება Nuvalent-ის თითოეულ აქციას $124-ად აფასებს, რაც ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის ფასთან შედარებით 40%-იან პრემიას წარმოადგენს.
GSK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკ მილსმა განმარტა, რომ ეს შესყიდვა მათ გაყიდვების ზრდის მყისიერ შესაძლებლობებს მისცემს და 2027 წლიდან მოგების მარჟას გაზრდის.
საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ლუკ მილსმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ კომპანია ძირითადად $2.67 მილიარდიდან $5.34 მილიარდამდე ღირებულების პროექტებზე გააკეთებდა აქცენტს, თუმცა ახალმა მენეჯმენტმა მას, აქციონერთა ეჭვების გაფანტვის მიზნით, უფრო მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Nuvalent-ის წამყვანი აქტივი, ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატი „ნელადალკიბი“, ამჟამად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განხილვის სტადიაში იმყოფება, რომლის საბოლოო ვადაც 27 ნოემბრით განისაზღვრა. ამასთან, სააგენტო განიხილავს კომპანიის კიდევ ერთ განაცხადს ახალ მედიკამენტ „ზიდესამტინიბზე“, რომელიც არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.
CGS International-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ორივე პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, მათმა ერთობლივმა წლიურმა შემოსავალმა 2029 ფისკალური წლისთვის, შესაძლოა, $823 მილიონს მიაღწიოს.