
გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი
დღეს, გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ამის შესახებ BMG-სთან ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, გუბერნატორების 90% ყოფილი ძალოვანია, რომლებსაც რეგიონულ ეკონომიკაში შესაბამისი განათლება არ აქვთ.
„ბოლო პერიოდში გადაწყვიტეს, რომ თვითმმართველობების ხარჯზე რაღაცა ფუნქცია მიეცათ მათთვის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების კოორდინატორის ფუნქცია დააკისრეს ისე, რომ არც ფული მისცეს, არც არაფერი. უბრალოდ, უნდა გააკონტროლონ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები და უფროსები უნდა იყვნენ.
რაღაცას აკეთებს თუ არა მუნიციპალიტეტი, ეს გუბერნატორს უნდა შეუთანხმოს, რომლის თითქმის 90% ძალოვანია. მათ არანაირი წარმოდგენა, განათლება თუ პროფესიული საქმიანობა არ აკავშირებთ ადგილობრივ განვითარებასთან და ეკონომიკასთან.
ერთადერთი, რასაც აკეთებენ ისაა, რომ მუდმივად ითხოვენ, ყველაფერი მათ შეუთანხმონ, ყველაფერი საქმის კურსში იყვნენ, ოღონდ იმ საქმეში, რომელ საქმეშიც მათ საერთოდ, წარმოდგენა არ აქვთ. ამიტომ, ამ სახით, გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელიც არსებობს, უბრალოდ ფორმალობაა“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი BMG-სთან.
ანალიტიკოსი გუბერნატორის რგოლის ამოღებას არ ემხრობა, თუმცა, იმ პირობებში, თუ მას რეალური ფუნქციები ექნება.
„გუბერნატორის რეალური ფუნქციები არის რეგიონული განვითარება, ისეთი ადგილობრივი პროექტები, რომელთაც, უბრალოდ, მუნიციპალიტეტი ვერ „აწევს“ თავისი ფინანსური შესაძლებლობიდან და თავისი ბუნებიდან გამომდინარე. საუბარია ინტერმუნიციპალურ პროექტებზე.
მაგალითად, წყალმომარაგება ყოველთვის თვითმმართველობის საკითხია. მაგრამ მაგალითად, მელიორაციის ობიექტების მოვლა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს ემსახურება, მთელ მსოფლიოში რეგიონალური ხელისუფლების საქმეა.
მაგალითად, შიდამუნიციპალური გზებს მუნიციპალიტეტმა უნდა მოუაროს. მაგრამ ჩვენ გვაქვს გზები, რომელიც ექვს, შვიდ, ათ მუნიციპალიტეტში შეიძლება გადიოდეს. ასეთ გზებს რეგიონმა უნდა მიხედოს და ასე შემდეგ, უამრავი საკითხია.
განათლების სფეროშია ასე - საბავშვო ბაღი მუნიციპალურია, მაგრამ როგორც წესი, პროფესიული განათლება რეგიონულ დონეზე არის აყვანილი, იმიტომ, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ემსახურება. ბევრი საკითხია, რომელიც რეგიონულ დონეზე უნდა ავიდეს, სადაც ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების განხორციელების პირობებში“, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახარჯული თითოეული ლარი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ამიტომ რეგიონებში გუბერნატორების საქმე მათი რეგიონების ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს.
თუმცა როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დღესდღეობით, მათი ფუნქცია მუნიციპალიტეტების კონტროლით და „ბულინგით“ შემოიფარგლება, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ყველა ნაბიჯი ცენტრთან შეათანხმონ.
„დღეს გუბერნატორი არის პასიური იურიდიული პირი, მას არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, ხელშეკრულებასაც ვერ აფორმებს - ყველა ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლებთანაა გაფორმებული - ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის გაფორმებული. ასეთ პირობებში, გუბერნატორის რა ეფექტურ მუშაობაზეა საუბარი? დღეს მათი ეფექტური მუშაობა განისაზღვრება იმით, რამდენად ახერხებენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების და ადგილობრივი ხელისუფლების ბულინგს. ეს არის მმართველობის დამახინჯებული ფორმა, რომელიც საიდან გადმოვიღეთ, საიდან გადმოვიწერეთ, სად ვისწავლეთ - არ ვიცი“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. აღნიშნული აპარატის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, ამავე დროს, ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც შეითავსებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი, სექტემბრიდან ამოქმედდება.
BM.GE
წყარო: bm.ge