
"გვინდა, ვაშლი მოსახლეობისგან ჩავიბაროთ" - ცაგერში მდებარე ძმრის საწარმო "ვინ ეგარი" ფართოვდება
ლეჩხუმში მდებარე ვაშლის ძმრის წარმოება "ვინ ეგარი" ფართოვდება. კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელი მარიამ პატარიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ პანდემიის დროს დაწყებული საოჯახო წარმოება ეტაპობრივად გაიზარდა და ცაგერში ხილის გადამუშავებასაც იწყებს.
„ცაგერში მიწა უკვე შევიძინეთ… პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. ამ პროგრამის ფარგლებში ავაშენეთ ხილის პირველი გადამმუშავებელი საწარმო“, - აღნიშნავს მარიამ პატარიძე.
კერძოდ, ახალი საწარმო, რომელიც აგვისტოდან ამოქმედდება, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვაშლის მიღებას დაიწყებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წლიურად დაახლოებით 50 ტონა ვაშლის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.
„წელს საწარმოო პროცესი გვინდა დავიწყოთ და ვაშლი ადგილობრივი მოსახლეობისგან მივიღოთ. თუ რა იქნება წარმადობა, ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ“, - ამბობს ის.
მარიამ პატარიძის განმარტებით, წარმოება სრულად ბიოლოგიურ პრინციპებს ეფუძნება, ხოლო ნედლეული ყოველგვარი ქიმიური დამუშავების გარეშე გამოიყენება.
"ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არანაირი დანამატი არ აქვს… ვართ ელკანას წევრები და ნამდვილად უწამლი ნედლეულისგან ხდება ვაშლის ძმრის მიღება", - ამბობს ის დადასძენს, რომ კომპანიაში სამომავლოდ ბიოსერტიფიკატის მიღებასაც გეგმავენ.
"ვინ ეგარის" პროდუქცია დაახლოებით 40 მცირე მაღაზიაში და ასევე Goodwill-ის ქსელშიც იყიდება. „გუდვილში ჩვენი ვაშლის ძმრის ფასი 12 ლარია, საცალოდ და ონლაინ კი დაახლოებით 10 ლარად ვყიდით“, - აღნიშნავს მარიამ პატარიძე.
მისივე თქმით, საწყის ეტაპზე ახალ საწარმოში დაახლოებით ხუთი ადამიანი დასაქმდება. კომპანია ამ ეტაპზე სრულად ვაშლის ძმრის წარმოებაზეა კონცენტრირებული, თუმცა მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც არ გამორიცხავს.
BM.GE
წყარო: bm.ge