
Helio AI: ქართულ ბაზარზე სამიზნე ინდუსტრიების მსხვილი კომპანიების უმეტესობა უკვე ჩვენი მომხმარებელია
ქართული ტექნოლოგიური კომპანია Helio AI-ის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ინდუსტრიების მსხვილი კომპანიების უმეტესობა უკვე მათი მომხმარებელია, მათ შორის - საფინანსო, სადაზღვევო, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, სამედიცინო და საცალო ვაჭრობის სექტორებში.
როგორც BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იაკო ჯიქიამ განაცხადა, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ Helio AI-ის მთავარი აქცენტი საერთაშორისო გაფართოებაზე გადადის.
„ქართულ ბაზარზე ძალიან კარგად მიდის საქმე. პრაქტიკულად, იმ წამყვან ინდუსტრიებში, რომლებზეც თავიდანვე ვიყავით ორიენტირებული, ძალიან ცოტა კომპანია დარჩა, რომელიც Helio-ს არ იყენებს. სამწლიანი საქმიანობის განმავლობაში ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და შეიძლება, ითქვას, რომ ეს ეტაპი წარმატებით დავასრულეთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ არსებულ მომხმარებლებთან მუშაობას და მათი საჭიროებების გათვალისწინებას“, - განაცხადა იაკო ჯიქიამ.
მისივე განმარტებით, Helio AI-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი იმ სექტორებშია წარმოდგენილი, სადაც თანამშრომელთა გადინება მაღალია და წინა ხაზის პოზიციებზე კადრების შერჩევის საჭიროება ხშირად დგას. Helio AI-ის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული ბიზნესის დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ: თუ თავდაპირველად კომპანიებთან კომუნიკაციისას AI-ის გამოყენება ზოგჯერ სიფრთხილეს იწვევდა, დღეს ბიზნესის მხრიდან ამ ტექნოლოგიის სამუშაო პროცესებში ინტეგრირების მოთხოვნა გაიზარდა.
„სამი წლის წინ, კომპანიებთან კომუნიკაციისას ზოგჯერ გვიწევდა, AI-ზე აქცენტი არ გაგვეკეთებინა, რადგან ეს მათში გარკვეულ სიფრთხილეს იწვევდა. დღეს ვითარება შეცვლილია - კომპანიები თავად გამოხატავენ ინტერესს და ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას სამუშაო პროცესებში. მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირს კი პროდუქტის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ და ამ ცვლილებებს სხვა ბაზრებზეც ვნერგავთ“, - აღნიშნა ჯიქიამ.
ადგილობრივი ბაზრის ათვისების პარალელურად, Helio AI საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს. ამ ეტაპზე კომპანიის მომხმარებლები ცხრა ქვეყნიდან არიან, მათ შორის - დიდი ბრიტანეთიდან და მოლდოვიდან. ცენტრალური აზიის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი უზბეკეთია, სადაც კომპანიის კლიენტებს შორის TBC Bank Uzbekistan-იცაა. კომპანია ამერიკის ბაზარზე შესვლასაც განიხილავს. იაკო ჯიქიას ინფორმაციით, რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყების პროცესი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 2027 წლის პირველ ნახევარში სტარტაპი ახალი ბაზრების განვითარებაზე მუშაობის დაჩქარებას გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge