
ჰესებსაც ავაშენებთ და კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება - კობახიძე მესტიის გამრიცხველიანებაზე
"ჰესებსაც ავაშენებთ და კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მესტიაში მაინინგის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაზე დასმულ კითხვას.
კერძოდ, BMG დაინტერესდა რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის მოგვარება 2020 წლიდან დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი კარგად იყო ცნობილი სახელმწიფო უწყებებისთვის და საქმე მოსახლეობის მიერ ხატზე დაფიცებამდეც კი მივიდა.
"მე პირადად პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხის მქონდა დაახლოებით წელიწად-ნახევრისა და ორი-სამი თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული. ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებულები იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ.
ჩემთვის პირადად, თუნდაც ამ წელიწად-ნახევრისა და ორი-სამი თვის წინ, ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ვინმეს ვინმე მფარველი ჰყავდა ამ კრიპტომაინინგში. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განვახორციელეთ, მათ შორის ძალოვანი მიმართულებით, შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი.
ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში. კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით, ვინ გამოუყვანა... მიზანი იყო წილში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიაში ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი, ჰესი არ აშენებულიყო და ისინიც ამობილიზებდნენ... ძალიან ადვილია, საქართველოში უცებ შეგიძლია 50 კაცი დაამობილიზო და ჩაშალო. ადვილი იყო, ჩაგეშალა ასეთი ტიპის პროექტები. აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით.
დღეს არის სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობის, მფარველობას და ა.შ. დღეს სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო ისე, რომ არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები.
სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება მაგალითად, კრიპტომაინინგს [ეხება]. როცა დაახლოებით 20 მილიონი ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე", - განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის პირველ ივნისს მთავრობამ განაცხადა, რომ კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო გარკვეული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, ტარიფის გადახდა მოუწევთ.
BM.GE
წყარო: bm.ge