მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - დავით უტიაშვილი
ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - დავით უტიაშვილი

ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - დავით უტიაშვილი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 05:00|bm.ge

"მხოლოდ მივესალმებით, რომ მეტი მოთამაშე დაინტერესდეს ქართული ფინანსური სექტორით",- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

მან საქართველოში უცხოური ბანკების შემოსვლის გასამარტივებლად დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე უპასუხა კითხვებს და აღნიშნა, რომ ახალი ბანკების გაჩენა ბაზარს განვითარების ბიძგს მისცემს.

"ჩვენ ბაზარზე გვაქვს მაღალი კონცენტრაცია. შეიძლება ეს კონკურენციის კუთხით დიდი გამოწვევა არ იყოს, ჩვენ გვაქვს მაღალი კონკურენცია, მაგრამ კონცენტრაცია ცხადია ადრე თუ გვიან გამოწვევა შეიძლება იყოს ფინანსური სექტორისთვის. ამიტომ გვინდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ბანკს მივცეთ საშუალება შემოვიდნენ ჩვენ ბაზარზე. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ეხება გამარტივებულ პროცესს, ეს არ ეხება იმას, რომ უბრალოდ რომელიმე ბანკი გადაწყვეტს და ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე შემოვა ბაზარზე. ჩვენ დავადგენთ ამ კრიტერიუმებს, ჩვენ ვიქნებით არა მარტო იმ ბანკისთვის ლიცენზიის მიმცემი, არამედ რეგულატორიც. ამიტომ თქვენ თუ რისკებს ხედავთ, დამიჯერეთ, ამ კუთხით რისკები არ იქნება. ერთი წელი არის მაქსიმალური ვადა და ცალკეულ შემთხვევაში აქამდეც კი იწელებოდა და შეიძლება იმ ბანკმა ჩათვალოს, რომ საქართველოს ბაზარი არის საკმაოდ მცირე იმისთვის, რომ ამხელა რესურსი დახარჯოს, ამიტომ ეს ვთქვათ, მარკეტინგული გადაწყვეტილებაც არის, როგორმე მეტად დავაინტერესოთ ეს ბანკები. თუ რამდენიმე მსხვილი ბანკი გადაწყვეტს ჩვენს ბაზარზე შემოვიდეს, თუ აქვს მაღალი რეიტინგი, დააკმაყოფილებს სებ-ის კრიტერიუმებს, არ მგონია ვინმეს ამის რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდეს.

დღეს ჩვენი ბანკები ნამდვილად არიან ძალიან ძლიერი, განსაკუთრებით წამყვანი ორი ბანკი, ლონდონის ბირჟაზე არიან დალისტული და იქაც კი შეგიძლიათ შეადაროთ იქ დალისტულ სხვა ბანკებს, ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ ფინანსური პროდუქტების შეთავაზება ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ცხადია უცხო ბანკის შემოსვლა არ ნიშნავს, რომ იმავე დღეს პროცენტები გაიაფდება, თუმცა ნებისმიერი ახალი მოთამაშის გამოჩენა მაინც ახალ ბიძგს შესძენს ბაზარს, ახალ ტექნოლოგიებს მოიტანს, შეიძლება ახალ პროდუქტს, კიდევ უკეთეს გამოცდილებას. ისევ და ისევ, ჩვენ არ მივცემთ რაიმე რისკიანი გადაწყვეტილების უფლებას აქ არავის, არც ლიცენზირების და არც ოპერირების პროცესში",- ამბობს უტიაშვილი.

კითხვაზე, როდესაც საუბარია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ბანკებზე, რატომ სახელდება ჩინური ან ინდური ბანკები და არა დასავლური, უტიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრეფერენცია არ არსებობს.

"ჩინეთის მსხვილი ბანკები არის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ტექნოლოგიურადაც ძალიან განვითარებული და ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, თუ ჩინური ბანკები აქ შემოვლენ და ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებენ. რაც მეტი ბანკი დაინტერესდება ქართული ფინანსური სექტორით, იქნება უკეთესი. რეგულირების ჩარჩო არის ყველასთვის იგივე. ლიცენზირება ერთი ეტაპია და რეგულირების ჩარჩო, ვფიქრობთ და მოგვისმენია კერძო სექტორისგანაც, რომ არის საკმაოდ მკაცრი საქართველოში, ამიტომ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მეანაბრის რისკები დადგება, დამიჯერეთ, ეროვნული ბანკი ამაზე იზრუნებს, რომ მეანაბრემ რისკიან ბანკში თანხა არ შეიტანოს.

ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ იმიტომ სახელდება, რომ ჩინური ბანკები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსხვილია მსოფლიოში და ამიტომ შეიძლება ინტუიციურად ვიღაცამ იფიქროს, რომ პირველი ჩინური ბანკი იქნება, თუმცა ჩვენ რამე ისეთი პრეფერენცია არ გვაქვს, ინდური ბანკიც გაჟღერდა, იყოს ეს ევროპული ბანკი, ყველასთვის იქნება თანაბარი მიდგომა ლიცენზირების პროცესში და მას შემდეგ, რაც ბაზარზე შემოვლენ. რაც მეტი რეპუტაციული მოთამაშე შემოვა ჩვენ ბაზარზე, ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ფინანსური პროდუქტების მომხმარებლები ამით მხოლოდ ისარგებლებენ",- ამბობს უტიაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთში აისახება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Nvidia-მ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა

Nvidia-მ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა

BM.GE

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

BM.GE

რა კავშირი ჰქონდა Deutsche Bank-ს ეპშტეინთან?

რა კავშირი ჰქონდა Deutsche Bank-ს ეპშტეინთან?

BM.GE