
"ჰორმუზის სრუტეში ომამდელი ვითარების დაბრუნება გამორიცხულია" - IEA-ს ხელმძღვანელი
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში 2026 წლის თებერვლამდე არსებული ვითარების დაბრუნების გზა აღარ არსებობს.
გამოცემა The Economist-ის პროექტში "The World Ahead 2027" ოთხშაბათს გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ბიროლმა განმარტა, რომ სრუტეში სანაოსნო მიმოსვლის ერთხელ უკვე შეფერხებამ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე მძიმე გავლენა იქონია და მსგავსი სცენარი შესაძლოა, კვლავ განმეორდეს. მისი შეფასებით, ენერგორესურსებისა და სხვა საქონლის უსაფრთხო და საიმედო გადაზიდვის მხრივ დერეფნის მიმართ ნდობა „განადგურებულია“, სრუტის გარშემო რისკების აღქმა კი სამუდამოდ შეცვლილია.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მთავარი არტერია იყო. მართალია, ბოლო თვეებში სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი ნაწილობრივ აღდგა და ოქტომბერში ომამდელი მაჩვენებლის 80%-ს გადააჭარბა, თუმცა ბიროლი ამ მოცემულობას გამოსწორებულს მაინც არ უწოდებს.
IEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ ყურადღება უნდა გაამახვილონ ალტერნატიულ მარშრუტებზე, რომელთა შორის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამავალი შემოვლითი მილსადენებიც შედის. მისივე თქმით, სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა ეკონომიკური შოკის შესარბილებლად ნავთობის საგანგებო რეზერვები უნდა გააფართოონ.
BM.GE
წყარო: bm.ge