
ჰუსიტებმა საუდის არაბეთში Aramco-ს სტრატეგიულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Aramco-ს ადმინისტრაციულ შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ირკვევა, დარტყმის სამიზნე ქალაქ დაჰრანში მდებარე კომპლექსი გახდა, სადაც აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ინციდენტის შესახებ სხვა ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.
ადგილობრივი მცხოვრებლები The National-თან საუბრისას აცხადებენ, რომ უძლიერესმა აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია შეძრა და ობიექტის თავზე კვამლი და ცეცხლის ალი გააჩინა.
ინფორმაციისთვის, დაჰრანის კომპლექსი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრია და ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული ოპერაციების საკვანძო ჰაბად მიიჩნევა. ტერიტორიაზე კვლევითი და განვითარების ცენტრი, ასევე 2008 წელს გახსნილი Expec-ის მოწინავე კვლევითი ობიექტი მდებარეობს.
რაც შეეხება კომპლექსის სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას, Aramco-ს სათავო ოფისი 58 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ სივრცეშია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, იქ არსებულ საცხოვრებელ ზონაში დაახლოებით 11,000 ადამიანი, მათ შორის კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამას გარდა, ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს მეფე აბდულაზიზის მსოფლიო კულტურის ცენტრი Ithra, რომელიც Aramco-მ საზოგადოებრივი და შემოქმედებითი დანიშნულებით ააშენა. კულტურულმა ცენტრმა 2018 წელს გახსნის შემდეგ ოთხ მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.
BM.GE
წყარო: bm.ge