
I კვარტალში სადაზღვევო სექტორი 15%-ით გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც პირველი კვარტალის მონაცემებითაც დასტურდება, როცა სექტორის ზრდამ 15% შეადგინა. ამის შესახებ მან "დაზღვევის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე BMG-სთან ისაუბრა.
"სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. უნდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ზრდა საშუალოდ 15%, 17%, 18% იყო. შარშან შედარებით ნაკლები 12%-მდე დაფიქსირდა, ახლა კი პირველად ვაჟღერებ - პირველი კვარტალის მონაცემებით, ზრდა 15%-ია. ზოგადად, ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც 10%-ს აღემატება, საკმაოდ კარგ შედეგად ითვლება და ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ასეთი ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ განვითარებაში მთავარი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს, რაც 600 მილიონ ლარს შეადგენს — ეს კი ძალიან სერიოზული და სოლიდური ციფრია. მთლიანად 25 წლის შედეგებით, პოლისების გაყიდვიდან მიღებული მთავარი მაჩვენებელი (შემოსავალი) 1 მილიარდ 410 მილიონი ლარია. შედარებისთვის, 2016 წელს ეს ციფრი სულ რაღაც 400 მილიონი იყო. ანუ, ამ 10 წლის მანძილზე მაჩვენებელი, ფაქტობრივად, გაორმაგდა, რაც ძალიან კარგი შედეგია; ჯამურად კი, ათ წელიწადში, შემოსავლები — ანუ პოლისების გაყიდვით მიღებული პრემია, როგორც ამას დაზღვევის სფეროში ვეძახით — 300%-ით გაიზარდა.
ცხადია, არის კიდევ გარკვეული მიმართულებები, რომელთა ხარჯზეც სექტორს გაფართოება შეუძლია. არსებობს დაზღვევის მთელი რიგი სახეობები, რომლებიც საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ჩვენ მაინც ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში დაზღვევა შუა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით კი XIX-XX საუკუნეებში ვითარდებოდა. ჩვენთან, მაგალითად — რაც მგონია, რომ მალე მაინც შემოვა — მომზადებულია კანონპროექტი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ.
ასევე ვითარდება სიცოცხლის დაზღვევა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ძირითადად საბანკო პროდუქტებთან ასოცირებულ დაზღვევას ეხება. ანუ, თუ თქვენ ბანკში იღებთ სესხს, განსაკუთრებით კი იპოთეკურს, ვალდებული ხდებით, სიცოცხლის დაზღვევაც გააფორმოთ — ეს საკმაოდ მზარდი პროდუქტია. განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ქონების დაზღვევასაც, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა სახეობას. პოტენციურად, თუ ეს ყველაფერი ამოქმედდება, ვფიქრობ, ხუთ წელიწადში ბაზარი მინიმუმ გაორმაგდება ან უფრო მეტადაც გაიზრდება.