
იაპონია ჰორმუზის სრუტის ალტერნატივებს განიხილავს
იაპონიის ნავთობგადამმუშავებელი სექტორი ნედლეულის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას გეგმავს და ახლო აღმოსავლელ მწარმოებლებს ალტერნატიული მარშრუტების განვითარებაში დაეხმარება.
როგორც ირკვევა, ქვეყნის ნავთობის ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩაერთოს იმ პროექტებში, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ავლით ნავთობსადენების გაფართოებას ითვალისწინებს. ასოციაციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ტრანსპორტირების საიმედო არხების ფორმირებას ისახავს მიზნად.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იაპონიის მთავრობას ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერის თხოვნით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა უკვე მიმართეს. არაბთა გაერთიანებული საამიროები პორტ ფუჯაირას მიმართულებით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის დაჩქარებას 2027 წლისთვის გეგმავს, რათა საექსპორტო გამტარუნარიანობა გააორმაგოს, ხოლო საუდის არაბეთი წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე არსებული მილსადენის სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობებს სწავლობს.
პარალელურად, იაპონური ნავთობკომპანიები ერთ-ერთ ალტერნატივად აშშ-იდან ნედლი ნავთობის იმპორტის გაზრდასაც განიხილავენ, თუმცა ადგილობრივი გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა ამჟამად მეტწილად ახლოაღმოსავლურ ნედლეულზეა მორგებული, რაც ამერიკული ნავთობის დიდი მოცულობით მიღებას ართულებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქვეყნის ნავთობის ასოციაციის პრეზიდენტმა შუნიჩი კიტომ განაცხადა, რომ ირანის კრიზისიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, ინდუსტრია მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას ტანკერების სიმძლავრეების გაზრდითა და მწარმოებელ ქვეყნებთან კავშირების გამყარებით შეეცდება.
BM.GE
წყარო: bm.ge