
"იგივე ფოცხს ვადგამთ ფეხს" - ნუგზარ ქსოვრელი ღვინის სექტორისთვის ე.წ ნიშანდების შემოღებაზე
„გადაწყვეტილება მიიღება სხვაგან, დარგთან კონკრეტული შეთანხმება არ ხდება. არ ვიცით, რამ გამოიწვია გაძვირება — ოფისის ავეჯი დაიმატეს, გათბობის ხარჯი გაეზარდათ თუ ბენზინი გაძვირდა. ჩვენ საქმის კურსში არ ვართ,“ - ასე ეხმაურება “ზიარი ფერმას” დამფუძნებელი, ნუგზარ ქსოვრელი ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სატარიფო ცვლილებებს.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან მეღვინეობის სექტორში მომსახურების ტარიფები გაიზარდა. კერძოდ, შეიცვალა ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური, რომლითაც ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები სარგებლობენ. მაგალითად, საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღის ვადაში 450 ლარიდან 650 ლარამდე გაძვირდა, წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 450 ლარის ნაცვლად ამიერიდან 650 ლარი ეღირება, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა კი ფასიანი გახდა და 10 ლარით განისაზღვრა.
ნუგზარ ქსოვრელის განმარტებით, ადგილობრივ დონეზე ხარჯების მცირედი მატებაც კი საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ფასის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. ექსპორტიორი ქვეყნისთვის კი, სადაც კონკურენცია ისედაც დიდია, ეს სერიოზული დარტყმაა.
„10-ცენტიანი ცვლილება აქ, ამერიკის ბაზარზე ფასის 50 ცენტიდან 1 დოლარამდე გაძვირებას იწვევს. მსოფლიოში ღვინის გაყიდვები ისედაც შემცირებულია და ფასის ნებისმიერი მატება კონკურენციისთვის მტკივნეულია,“ — აღნიშნავს მეღვინე.
ღვინის სექტორი მომავალი წლიდან მორიგი ცვლილებების მოლოდინშია. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მომავალი წლიდან ნიშანდების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომლის საფასური პროექტის მიხედვით, თითოეულ ბოთლზე 10 თეთრით განისაზღვრება. ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ახალი რეგულაციის მიზანი წარმოებული ღვინის სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფა, ფალსიფიკაციასთან ეფექტური ბრძოლა და შეუსაბამობების აღმოფხვრაა, რასაც “ზიარი ფერმის” დამფუძნებელი არ ეთანხმება.
“ეს არის ჩვეულებრივი გადასახადი, რომელსაც არანაირ მიკვლევადობასთან და ხარისხთან კავშირი არა აქვს. ეს იქნება ერთი მხრივ გადასახადის აწევა. მეორეს მხრივ, ეს ტექნიკურად გაართულებს სიტუაციას, რადგან ბაზარზე გაჩნდება რაღაც პერიოდში როგორც ნიშანდებული, ისე არანიშანდებული პროდუქცია, რაც გამოიწვევს მომხმარებლის დაბნევას.
ჩვენთან ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს. ერთხელ უკვე გააკეთა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, მერე 1-2 წელიწადში გააუქმა ისევ, ჰოლოგრამებზე ვსაუბრობ. მაშინ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი, იმიტომ რომ დაწყებისასაც შეგვიმცირდა გაყიდვები და რომ მოშალა მერეც. სავარაუდოდ, ახლაც იგივე ფოცხს ვადგამთ ფეხს”, - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა განისაზღვროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კალკულაციით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის შემოღება ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალს 14-15 მილიონი ლარით გაზრდის, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების დასაბუთებაში არ არის განსაზღვრული, რას მოხმარდება კერძო სექტორიდან ამოღებული თანხა.
BM.GE
წყარო: bm.ge