
ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი
„წინანდლის მამულის“ განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს ახალ პარკს, საკონცერტო დარბაზს და სასტუმროს - ასეთია კახეთში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ წინანდლის ისტორიული მამულის განვითარების ხედვა, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის VIII სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ფესტივალის გახსნის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ „წინანდლის მამულის“ განვითარების გენერალური გეგმაზე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა ასევე მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორთან ვლადიმერ ჯუროვიჩთან ერთად მუშაობენ. გენერალური გეგმის მიხედვით, „წინანდლის მამულის“ სასტუმროს ზემოთ ტერიტორიაზე ახალი პარკი და 1200 კაცზე გათვლილი ახალი საკონცერტო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, მისივე თქმით, ყოველწლიურად დამსვენებლების მატების გათვალისწინებით, საინვესტიციო პროექტი ახალი სასტუმროს აშენებასაც მოიცავს.
„ამ დღეებში ჩამოდიან კენგო კუმას გუნდის ვიცე-პრეზიდენტი და ამ პროექტის წამყვანი არქიტექტორი იუკი იკეგუჩი და ცნობილი ლანდშაფტის დიზაინერი ვლადიმერ ჯუროვიჩი, რომელსაც კენგო კუმასთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს.
გენერალური გეგმის მიხედვით მუშაობენ პარკში ძველი შენობების აღდგენის პროექტზე. წინანდლის მამულში სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი ჩამოდის. ამიტომ სასტუმრო ოთახების დამატება ხდება საჭირო. 100-ოთახიანი სასტუმრო ასევე კენგო კუმას მიერ იქნება დაპროექტებული. მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარია.
რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს არსებული სასტუმროს ზემოთ კიდევ ერთი, ახალი პარკი გაშენდება. პარკის პროექტზე ვლადიმერ ჯუროვიჩი მუშაობს. სწორედ ამ ახალ პარკში აშენდება ახალი 1200-კაციანი საკონცერტო დარბაზი. პროექტი უკვე მზად არის, მთელი ეს წელი ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ.
წინანდლის ფესტივალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე, დაიწყება პარკის, ხოლო პარკის შემდეგ - საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. როგორც გითხარით, ის იქნება კენგო კუმას მიერ დაპროექტებული 1200-კაციანი დარბაზი არაჩვეულებრივი აკუსტიკით. ჩემი ვარაუდით, წინანდლის მამულში მესამე საკონცერტო დარბაზს მაქსიმუმ 2029 წელში გავხსნით“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ბიზნესმენის თქმით, „წინანდლის მამულის“ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება: „ეს გაწერილია წლების მიხედვით: პირველ რიგში, გენერალური გეგმა, საკონცერტო დარბაზი და ახალი პარკი, შემდეგ უკვე იქნება სასტუმრო და გაგრძელდება, რადგან ვენახის ზემოთაც გვაქვს დაგეგმილი ტერიტორიის განვითარება“.
BM.GE
წყარო: bm.ge