
III კვარტალში კარგი შედეგები გვაქვს... წლიურად ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის 4-5%-ით ზრდას ველით | "ინნ ჯგუფი"
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის პაატა კოკაიას შეფასებით, მათი ბრენდის სასტუმროებისთვის მიმდინარე წლის III კვარტალი სასტუმროების დატვირთულობის მხრივ მეორეზე უკეთესი აღმოჩნდა.
“საქმის კურსის” ეთერში ტურიზმის III კვარტალის მონაცემების შეფასებისას მან აღნიშნა, რომ მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე, სექტორმა ახლო აღმოსავლეთის ომის შედეგად შემცირებული ტურისტული ნაკადების გარკვეულწილად კომპენსირება შეძლო.
პაატა კოკაიას თქმით, ომის შედეგად საავიაციო საწვავის და ფრენების გაძვირების გამო, რიგი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები ამ დრომდე შემცირებულია.
“ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 2.5%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, დიდი ზრდა არაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ II კვარტალში ირანის ომთან დაკავშირებით სერიოზული კლება გვაქვს, მეორე კვარტალი ჩავარდნილი გვქონდა. თუმცა ვფიქრობდით, რომ III კვარტალი დააკომპენსირებდა და ძალიან კარგი შედეგიც გვაქვს. ეს ძირითადად მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე მოხდა. ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ისრაელიდანაც. დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდანაც. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპიდან პენსიონერების ასაკის ხალხი უფრო ჭარბობს. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ხარისხიანი ტურისტი გვინდა, სწორედ ევროპელები არიან ხარისხიანი ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან, მაღალმხარჯველიც არიან და კულტურულადაც ჩვენთან ძალიან ახლოს არის.
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან შემცირება გვაქვს, რადგან ამ მიმართულებებიდან ფრენები გაძვირდა.
ჩვენი პროგნოზი იყო, რომ დაახლოებით ივლისიდან დავიწყებდით ამ ჩამორჩენის დაფარვას. თბილისში დაახლოებით 5%-იანი ზრდა გვაქვს, შედარებით ნაკლებას არის გაზრდილი მოთხოვნა ქუთაისის შემთხვევაში. კარგი ზრდა გვაქვს გორში - დაახლოებით 12-13%-იანი, იმიტომ რომ გორი პოპულარული გახდა და შიდა ტურიზმი მუშაობს. ერთადერთი დაახლოებით 6%-იანი კლება გვაქვს გუდაურში, იმიტომ რომ ზამთრის სეზონი ჩავარდა. დაახლოებით 90%-იანი დატვირთულობა უნდა ყოფილიყო და იყო 30%-იანი დატვირთულობა. გუდაურში მთელ მოგებას სეზონზე ვიღებთ, ამ სამ თვეზე მოდის - იანვარი, თებერვალი, მარტი და ამ სამიდან ერთი თვე ჩავარდა და უკვე მერე ამის ამოქაჩვა სხვა თვეებით ძალიან რთულია. რეალურად ბევრად კარგი სურათი იქნებოდა", - განმარტა პაატა კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი წელს ქვეყანაში ტურიზმის 4-5%-იან ზრდას ელის: "თუმცა რომ არ დაგვეკარგა რიგი ბაზრები, კონკრეტულად სპარსეთის ყურეს და ინდოეთს, კორეას, ტაილანდს ვგულისხმობ, ჩვენი ზრდა ალბათ ორნიშნა იქნებოდა.
პირველ რიგში, [ამ ბაზრების დაკარგვის მიზეზი], რა თქმა უნდა, იყო [ახლო აღმოსავლეთის] ომია. ომის პერიოდში ფრენები არ იყო და შემდეგ საწვავი ძალიან გაძვირდა. შეიძლება ქვეყანაში არ იყოს მაღალი ფასები, მაგრამ თუ ჩამოფრენა უფრო მეტი დაგიჯდა, ვიდრე აქ დასვენება, რა თქმა უნდა, არ იქნება მიზანშეწონილი იმ ქვეყანაში ჩასვლა”, - განმარტა კოკაიამ.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. ტურისტულ ვიზიტებში კი წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. 9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა.
BM.GE
წყარო: bm.ge