
"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა.
ახალი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის წილობრივი გადანაწილება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა.
16 ოქტომბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის 3 ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 700 ლარად გასხვისდა კომპანიის კაპიტალის 70%-იანი წილი:
შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ (დირექტორი: ილია მიქელაიშვილი), რომელიც კომპანიის 50%-იან წილს (50 ერთეული წილი) ფლობდა, თავისი წილი სრულად გაყიდა 500 ლარად .
ვასილ კალანდარიშვილმა (მინდობილი პირის, ნათია სონღულაშვილის მეშვეობით) თავისი 10%-იანი წილი (10 ერთეული წილი) სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად.
ნათია სონღულაშვილმა თავისი 10%-იანი წილი ასევე სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად - 100 ლარად.
კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
• მარიამ ლომიძე - 25% • ირაკლი ჩიხლაძე - 25% • მაია ჩიგოშვილი - 25% • მაგდალინა ანიკაშვილი - 25%
შეგხსენებთ, რომ 2026 წლის 6 თებერვალს „ტელეიმედის“, GDS-ისა და „რადიო იმედის“ მფლობელ კომპანიაში მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა: ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა, ხოლო მეორე 50% ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრებს — მარიამ ლომიძეს, ვასილ კალანდარიშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, ნათია სონღულაშვილსა და მაია ჩიგოშვილს შორის (თითოეულს 10%-იანი წილით) გადანაწილდა.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განმარტებით, არხი „მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge