
IMF-ის ხელმძღვანელი: AI-ში ინვესტიციებმა გლობალური ეკონომიკური ზრდის 3%-ზე შენარჩუნება უზრუნველყო"
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში განხორციელებულმა მასშტაბურმა ინვესტიციებმა გლობალური ეკონომიკური ზრდის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო.
მისი თქმით, ტექნოლოგიურმა ბუმმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აზიის იმ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარს საჭირო აპარატურით ამარაგებდნენ. ამ პარტნიორთა რიგებში გეორგიევამ სამხრეთ კორეის, ტაივანისა და იაპონიის პარალელურად ტაილანდიც ახსენა. ქვეყანა, სადაც ტექნოლოგიური წარმოება სწრაფად ვითარდება.
IMF-ის შეფასებით, ეს პროცესი რეგიონის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებს ნახევრიდან ერთ პროცენტულ პუნქტამდე გაზრდის. რაც შეეხება განვითარებად აზიურ სახელმწიფოებს, მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.2-დან 0.8 პროცენტულ პუნქტამდე მოიმატებს. გეორგიევამ აღნიშნა ისიც, რომ ტექნოლოგიური სექტორის გააქტიურებამ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ენერგეტიკული შოკის უარყოფითი შედეგები გადაფარა.
ცნობისთვის, კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნული განცხადება ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე გააკეთა. ამ ღონისძიებას IMF-ი და მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ატარებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge