
IMF-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. აქამდე არსებული პროგნოზი 5.3% იყო, შესაბამისად გაუმჯობესება 1.2 პროცენტული პუნქტია.
აღსანიშნავია, რომ IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია საქართველოსთან, რასთან დაკავშირებითაც პრესრელიზი გამოაქვეყნა.
როგორც IMF აღნიშნავს, გლობალურად მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს გონივრული მაკროეკონომიკური მართვა და ძლიერი ბუფერები.
"იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება, პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5 პროცენტამდე შენელდება და 2028 წლისთვის თანდათან დაუახლოვდება მის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს — 5 პროცენტს. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში, ახლოს დარჩება მიმდინარე მაჩვენებლებთან.
მაღალი გაურკვევლობისა და განმეორებადი გარე შოკების ფონზე, პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელზე დაბრუნება, საერთაშორისო რეზერვების ბუფერების შემდგომი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი",- აღნიშნულია პრესრელიზში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ასევე გადახედა და 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა.
