
ინდექსაციის მექანიზმი შედარებით მოკლევადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც უნდა ვრცელდებოდეს - "დიკა 2010"
ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ამოქმედებული ფასთა ინდექსაციის მექანიზმი შედარებით მოკლევადიან ტენდერებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
საქმე ისაა, რომ მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
როგორც BMG-სთან სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ხშირად შედარებით მცირე ვადიანობის ტენდერებიც საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა, ამიტომ მოსალოდნელი ინფლაციური რისკები ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
“საუბარია იმაზე, რომ 12 თვეზე ნაკლებ პროექტებზე არ განხორციელდეს ინდექსაცია. პირდაპირ არის ჩაწერილი ნორმატიულ აქტში და ეს არ არის რელევანტური. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტები არის, რომელსაც აქვს 25-30 მილიონი ლარის ღირებულება და შესასრულებელია 12 ან 14 თვეში, შესაბამისად ესეც უარყოფით შედეგს გამოიწვევს.
უფრო პატარა ვადიანზეც უნდა იყოს, ვინაიდან არის მოკლევადიანი პროექტები მაღალი ღირებულების. შესაბამისად, შეიძლება ისეთი პერიოდი დაემთხვეს, ის 12 თვე ზუსტად ისეთი კრიზისული იყოს, რომ თუნდაც კომპანიამ ვერ შეძლოს [პროექტის დასრულება]. ვფიქრობ, ექვსი თვიდან ზემოთ უნდა იყოს ეს ზღვარი დაწესებული. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კონკრეტული შესყიდვის ღირებულების ზღვარი, მაგალითად, 10 მილიონიდან.
ასევე დადგენილებაში წერია, რომ გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე არ გავრცელდება ინდექსაცია და ეს პრობლემას შექმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვს საიდუმლო დაშვება და საიდუმლო დაშვებით გაფორმებული ხელშეკრულებები თითქმის უმეტესი ნაწილი არის გამარტივებული და ეს შეიძლება იყოს ორწლიანი, სამწლიანი პროექტები და რამდენიმე მილიონის ღირებულების, რაზეც ასევე ძალიან ცუდ ზეგავლენას მოახდენს”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
"დიკა 2010"-ის ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ პრობლემურია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ინდექსაციის მექანიზმი ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 12 თვის შემდეგ შეიძლება რომ ამოქმედდეს.
“კიდევ ერთი ჩანაწერია, რომ პროექტებზე, რომელზეც ინდექსაცია ვრცელდება, მხოლოდ 12 თვიდან შემდეგ გავრცელდება. ანუ ჩაკეტილია, პირველ გადახდას მიიღებს მიმწოდებელი 12 თვის თავზე ხელშეკრულების გაფორმებიდან და მერე უკვე ეს წავა ყოველთვიურად.
აღნიშნული ჩანაწერიც მე ვფიქრობ, რომ დააზიანებს სექტორს, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც ისეთი გაუთვალისწინებელი მოხდეს, თუნდაც ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი, სამი ან ხუთი თვის შემდეგ და კომპანიას მოუწევს მოცდა 12 თვემდე, რომ სამუშაოების ტემპი არ დააგდოს და შესაბამისად, ფინანსური კრიზისი არ შეექმნას. ჩვენი მხრიდან უბრალოდ გაუგებარია რატომაა პრობლემა იმ კუთხით, რომ თუნდაც პირველივე თვიდან განხორციელდეს ინდექსაცია, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი შედეგებით”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge