
ინდოეთი რუსულ ნავთობს აშშ-ის თხოვნით ყიდულობდა
როგორც ირკვევა, ინდოეთი რუსულ ნავთობს 2022 წლიდან იმიტომ ყიდულობდა, რომ ის ხელმისაწვდომი და იაფი იყო, აღნიშნული ნაბიჯი კი ქვეყანამ გლობალური ფასების დაბალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად, სწორედ აშშ-ის თხოვნით გადადგა.
განცხადება ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ფინეთის ქალაქ კულტარანტაში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. მინისტრის განმარტებით, იმ პერიოდში ვაშინგტონმა ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ნიუ-დელის რუსული ნედლეულის შეძენა პირდაპირ სთხოვა.
ჯაიშანკარის თქმით, ბაზარზე არსებული ნავთობის უდიდესი ნაწილი რუსული იყო, ვინაიდან ევროპული ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის რესურსებს სრულად ყიდულობდნენ, რომელიც მანამდე ინდოეთის ტრადიციულ მომწოდებელს წარმოადგენდა. შესაბამისად, შექმნილმა გარემოებებმა ქვეყანას კონკრეტული მიმართულებით მოქმედება აიძულა და ამიტომ გახდა ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსულ ნავთობზე აშშ-ის მიერ დაწესებული არათანმიმდევრული სანქციები მკაცრად გააკრიტიკა. მინისტრის განცხადებით, ამ პროცესში რაიმე დიდი პრინციპის არსებობაზე საუბარი საჭირო არ არის და შექმნილი ვითარების გადამეტებული მორალიზებით შეფასება ყოვლად გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ქვეყანას თავად ვაშინგტონმა სთხოვა.
BM.GE