
ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უნდა დაჩქარდეს - ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ინფლაციის შემცირების ტემპის დაჩქარებას 2027 წლის შუა პერიოდიდან ელოდება, ხოლო წლის ბოლოსთვის ინფლაციის ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას პროგნოზირებს. მისი შეფასებით, ინფლაციაზე დადებითი გავლენა ექნება 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-დან 1.2%-მდე მცირდება. ამასთან, მინისტრი ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას იმპორტირებულ ფაქტორებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქტების ფასების მერყეობას უკავშირებს.
ინფლაციის საკითხი ფინანსთა მინისტრს პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ დაუსვა. დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 5%-დან 6.8%-მდე გაიზარდა, ინფლაციის ზრდა მოქალაქეებისთვის ამ ეკონომიკური პროგრესის ეფექტს ამცირებს.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური ზრდა არის მხოლოდ მშრალი ციფრები და რეალურად ერთადერთი, რასაც ისინი რეალობაში აწყდებიან, არის გაზრდილი ფასები, მათ შორის არა მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტებზე, არამედ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზეც“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, 5.2%-იან ინფლაციაში იმპორტირებული ინფლაციის წილი რამდენია და როდის ელოდება მთავრობა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას.
პასუხად ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციური წნეხის შემცირების ერთ-ერთი ფისკალური ინსტრუმენტი სწორედ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებაა. მისი თქმით, ცვლილებებით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-დან 1.2%-მდე მცირდება, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი შესაძლოა 1%-თანაც ახლოს იყოს.
„თუ გაწუხებთ ინფლაცია, ეს ზუსტად ის ბიუჯეტია, რომელსაც ცვლილებებია, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროთ, იქიდან გამომდინარე, რომ ფისკალურ ნაწილში საბიუჯეტო დეფიციტი მცირდება 2.5%-დან 1.2%-მდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, ხუციშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უფრო სწრაფი უნდა გახდეს, ხოლო 2027 წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან დონეს უნდა დაუახლოვდეს.
მინისტრმა ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენის ფაქტორად საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება დაასახელა. მისი თქმით, ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ბაზარზე კვლავ მაღალი მერყეობაა და ფასები მოკლე პერიოდებში 15-20%-ით იცვლება როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით.
ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობის, არამედ სხვა პროდუქტების ფასებზეც, რაც საბოლოოდ საქართველოში იმპორტირებულ ინფლაციაში აისახება. მინისტრს იმპორტირებული ინფლაციის ზუსტი წილი 5.2%-იან მაჩვენებელში არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, ინფლაციის შემდგომი შემცირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შედარებით სტაბილიზაცია. ამასთან, ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ინფლაციური მოლოდინების მონიტორინგი მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანი იქნება და ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად მონეტარული პოლიტიკის როლზეც გაამახვილა ყურადღება.
2026 წლის ბიუჯეტის კორექტირება და ინფლაცია
2026 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პარამეტრებით, რომელიც 2025 წლის ბოლოს დამტკიცდა, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%, საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი კი 3.3% იყო. განახლებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 6.8%-მდე, საშუალო ინფლაცია კი 5.2%-მდე გაიზარდა. ამავე ცვლილებებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 27.04 მილიარდი ლარიდან 27.85 მილიარდ ლარამდე იზრდება, ხოლო დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ის ნაცვლად 1.2% იქნება.
მაჩვენებელი თავდაპირველი გეგმა განახლებული პროგნოზი რეალური ეკონომიკური ზრდა 5% 6.8% საშუალო წლიური ინფლაცია 3.3% 5.2% მშპ-ის ნომინალური მოცულობა 114.1 მლრდ ლარი 120.3 მლრდ ლარი საგადასახადო შემოსავლები 27.04 მლრდ ლარი 27.85 მლრდ ლარი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5% მშპ-ის 1.2% მთავრობის ვალი მშპ-ის 33.5% მშპ-ის 30%
ინფლაცია ოქტომბერში 5.9%-მდე გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 5.6% იყო. ოქტომბერში ფასების საერთო დონე წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტის ჯგუფს ჰქონდა, სადაც ფასები 21.9%-ით გაიზარდა და მთლიან ინფლაციაში 2.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა. სურსათის ფასები წლიურად 3.1%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი 10.1%-ით იყო გაზრდილი.
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გარკვეულ მერყევ კომპონენტებს გამორიცხავს, ოქტომბერში 4% შეადგინა, სექტემბერში კი 3.5% იყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. ამასთან, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება 2027 წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი.
BM.GE
წყარო: bm.ge