
ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული შეფერხებები დღესაც გვაქვს... უკომპრომისოები ვიქნებით - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკის მიუხედავად პროექტებში გარკვეული შეფერხებები დღესაც არის. ამის შესახებ რევაზ სოხაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პრობლემებზე ღიად საუბარი და საზოგადოების წინაშე მათი გამჭვირვალედ წარმოჩენაა.
„ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს წლების განმავლობაში გაჭიანურებული პროექტები. ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ამიტომ, თუ პროექტზე თუნდაც მცირედი ხარვეზი გამოვლინდება, კონტრაქტორს მისი გამოსწორება საკუთარი ხარჯებით უწევს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა.
ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“ - განაცხადა სოხაძემ და აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, შესრულებული სამუშაოს ნებისმიერი ხარისხით ჩაბარებას.
„მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაბარდება. ყველასგან უმაღლეს ხარისხს მოვითხოვთ. სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს გარკვეული შეფერხებები, რადგან როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის სერიოზულობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ამ მიმართულებით უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა სოხაძემ.