
ინვესტირება მუნდიალში – მოუტანა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატმა მოგება აქციონერებს?
მუნდიალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტული მოვლენის ფარგლებს და გიგანტურ ეკონომიკურ მანქანად გადაიქცა, რომელიც ყოველ ჯერზე მილიარდობით დოლარის კაპიტალს იზიდავს. 2026 წლის მუნდიალის შედეგებს სპორტულ ანალიტიკოსებთან ერთად, უკვე უოლ-სტრიტზეც აქტიურად აჯამებენ.
მთავარი კითხვა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს აწუხებთ, არის ის: მიიღეს თუ არა რეალური სარგებელი იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ჩემპიონატთან დაკავშირებულ კომპანიებში კაპიტალი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დააბანდეს?
როგორც წესი, მუნდიალის პერიოდში გლობალური ბრენდების აქტივობა პიკს აღწევს, თუმცა წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული მასშტაბებით გამოირჩეოდა. ტრადიციულ სპონსორებთან ერთად, ბაზარზე გამოიკვეთნენ კომპანიები, რომლებმაც სამი ქვეყნის, ანუ ამერიკის, კანადისა, მექსიკის მასშტაბით მილიონობით გულშემატკივრის ტანსპორტირებითა და მასპინძლობით უდიდესი ფინანსური სარგებელი მიიღეს.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღების ცენტრში სპორტული გიგანტები, Adidas და Nike მოექცნენ. ტურნირის დაწყებამდე 3-6 თვით ადრე, ინვესტორების პოზიტიური მოლოდინებისა და ეროვნული ნაკრებების მაისურების რეკორდული გაყიდვების ფონზე, გერმანული Adidas-ის აქციების ფასი დაახლოებით 15-18%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ Nike ბოლო პერიოდში სტრუქტურულ გამოწვევებს ებრძოდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებამ მისი აქციების ფასსაც მისცა ზრდის სტიმული და დაახლოებით 8-10%-იანი აღმასვლა დააფიქსირა, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ფეხბურთის მზარდი პოპულარობით იყო განპირობებული.
სპორტული ბრენდების პარალელურად, უზარმაზარი ფინანსური მოგება დააფიქსირეს მედიისა და ტრანსლაციის სფეროს წარმომადგენლებმა. მაგალითად, Fox Corporation-მა სარეკლამო დროის თვეებით ადრე გაყიდვით უპრეცედენტო შემოსავალი მიიღო. ამან კომპანიის აქციები ბოლო ნახევარ წელიწადში 12%-ით გაზარდა. მსგავსი პოზიტიური ტენდენცია აჩვენეს ციფრულმა პლატფორმებმა და ტექნოლოგიურმა პარტნიორებმაც, რომლებიც მონაცემთა დამუშავებასა და გლობალურ მაუწყებლობას უზრუნველყოფდნენ.