
ინვესტიციების სააგენტომ Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების შედეგები პროგრამის ბენეფიციარებთან განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, Alibaba-ს პროგრამის ბენეფიციარებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა - ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ მონაწილეებს პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროგრამის მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბენეფიციარების გამოცდილებას, გამოვლენილ საჭიროებებსა და სამომავლო შესაძლებლობებს. სააგენტოს პრესრელიზში აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რა გამოწვევები და საჭიროებები აქვთ პროგრამის ბენეფიციარ კომპანიებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის B2B პლატფორმა Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების პროცესი 2025 წლის აგვისტოში დაიწყო.
პროექტის დეტალები ასეთია: პირველ ეტაპზე პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმებოდა.
სააგენტო სრულად ფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
ქართული კომპანიები სარგებლობენ Global Gold Supplier-ის სტატუსით - ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
პლატფორმაზე განსათავსებლად შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე სააგენტოს პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება მოხდა, ხოლო მეორე ეტაპზე Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიები გადამზადდებიან და პლატფორმაზე განთავსდებიან.
Alibaba.com 1999 წელს დაარსებული B2B პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში მყიდველებსა და მომწოდებლებს შორის კომერციულ კავშირებს უზრუნველყოფს.
BM.GE
წყარო: bm.ge